02 ივლისი 2024,   10:39
ვრცლად
„უმნიშვნელოვანესია, რომ ეს მხარდაჭერა იყოს ძალიან მკაფიო“ - ანალიტიკოსები უკრაინაში შექმნილ ვითარებას აფასებენ

ქერჩის სრუტეში რუსული სპეცდანიშნულების ძალების მიერ, უკრაინულ ხომალდებზე თავდასხმას და უკრაინაში ვითარების დაძაბვას, ქართველი ანალიტიკოსები ეხმაურებიან. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს. 

პეტრიშავილის თქმით, კარგია რომ გაეროს უშიშროების საბჭო ჩაინიშნა, თუმცა მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.  

„უმნიშვნელოვანესია, რომ ეს სოლიდარობა და მხარდაჭერა იყოს ძალიან მკაფიო და გამოიხატოს კონკრეტულ მოქმედებებში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მნიშვნელოვანია და კარგია, რომ იგეგმება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა შეჩერდეს ეს მორიგი აგრესიის ტალღა“,- აცხადებს  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი  ალექსი პეტრიაშვილი.

საომარი მოქმედებების შემდეგ უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ არსებული პოლიტიკური ელიტით, უკრაინას ძალიან ცოტა შანსი აქვს რუსეთის აგრესიას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს.

„სამწუხაროდ, უკრაინას ამ მდგომარეობით, ამ პოლიტიკური ელიტით თითქმის არ აქვს შანსი ალბათ, რომ რამე სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. შევხედოთ ერთ ცოტა კომიკურ ფაქტს, დღემდე არ გაუწყვეტია უკრაინას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაშინ როცა რუსეთმა წაართვა მას პირდაპირ ტერიტორია. ჩვენ შემთხვევაში, ცოტა უფრო რბილი შემთხვევა იყო, აღიარეს ჩვენი ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ჩვენ მაშინვე გავწყვიტეთ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. უკრაინა რამდენიმე თვის წინ გამოვიდა „ესენგედან“ საერთოდ. უკრაინას ძალიან ცოტა შანსი აქვს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას“ - აცხადებს  თორნიკე შარაშენიძე

უკრაინაში შესაძლოა საომარი ვითარება გამოცხადდეს. ქერჩის სრუტეში რუსული სპეცდანიშნულების ძალების მიერ, უკრაინულ ხომალდებზე თავდასხმა, ოფიციალურმა კიევმა უკვე შეაფასა, როგორც სამხედრო აგრესიის აქტი. 

დღის ამბები