22 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, განსაკუთრებით მეორე ტური - პოლონეთის სეიმის წევრი და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

არჩევნების მეორე ტური არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც საქართველოში ბოლო წლებში ჩატარდა,- ასე შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთის სეიმის წევრმა და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

მალგოჟატა გოშევსკამ ყურადღება გაამახვილა ისეთ დარღვევებზე, როგორებიცაა საარჩევნო უბნებთან სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება, ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა.

პოლონელმა პარლამენტარმა მარნეულში განვითარებული მოვლენები არადემოკრატიულად და არჩევანის უფლების წართმევად შეაფასა.

დელეგაციის წევრების თქმით, ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ხელი შეუშალა კენჭისყრის სამუშაო დღეს დანიშვნამაც.

„გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დგანან საარჩევნო უბნებთან და სიებით ამოწმებენ ამომრჩევლების მისვლა არ მისვლას, ავტომობილებით მიჰყავთ და თითქოს, ეხმარებიან უბნებზე მისვლასა და ხმის მიცემაში. ასეთ ფაქტებს უნდა მიექცეს ყურადღება. საარჩევნო უბნებთან არსებული ასეთი ვითარება ყოველთვის ხელს აძლევს მმართველ პარტიას. როგორც პოლონეთის პარლამენტის წარმომადგენლები, ჩვენ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, მაგრამ აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული შენიშვნები, რომლებიც ანგარიშში ჩამოვაყალიბეთ. რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, შემიძლია დავამატო. ის რომ სახელმწიფო საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აშინებს სამსახურის დაკარგვით, ასევე მეორე ნაწილს ჰპირდება ვალების გადახდას - ეს ნამდვილად არ არის დემოკრატიული პრინციპები და არის საშიში ტენდენცია.

"პირადად ვნახეთ სიტუაციები, როდესაც ადამიანები სურათებს უღებდნენ ბიულეტენებს, რომ დაედასტურებინათ კონკრეტული კანდიდატისთვის ხმის მიცემა, ვიყავით სოფელ იმირში, სადაც ჩვენი თვალით ვნახეთ დამწუხრებული და სასოწარკვეთილი ადამიანები, რომლებსაც წაართვეს არჩევანის უფლება. რაც ჩვენ იქ ვნახეთ, ნამდვილად არ არის დემოკრატია. მე ბოლო წლების განმავლობაში ყველა არჩევნებს ვესწრებოდი საქართველოში და შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, განსაკუთრებით მეორე ტური,“- განაცხადა პოლონეთის სეიმის წევრი, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მალგოჟატა გოშევსკამ.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები