19 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
"გვითვალთვალებდნენ" - ნიკა მელიას პირველი კომენტარი კირკიტაძის დაკავების შემდეგ

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, დავით კირკიტაძის დაკავების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პირველი კომენტარი გააკეთა. ნიკა მელიას თქმით, გურჯაანში ყოფნისას ორი ავტომობილი მათზე თვალთვალს ახორციელებდა.

დავით კირკიტაძე კახეთის გზაზე დააკავეს. ის კახეთში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დაშავებული აქტივისტის სანახავად ჩავიდა.

„დაახლოებით, საათნახევარი ჩვენ ვართ გურჯაანში, ამ საათნახევრის განმავლობაში ჩვენ დაგვყვებოდა ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ანუ გვითვალთვალებდნენ. ჩვენ რამდენიმე ცრუ მანევრი გავაკეთეთ, ვგულისხმობთ, რომ ავტოგასამართ სადგურზე შევედით, როდესაც გაჩერდა მანქანა, ამის შემდეგ კვლავ დავიძარით, კვლავ გაჩერდა. მათი მიზანი იყო, რომ ჩენ არ შეგვემჩნია, მაგრამ ნამდვილად იყო ჩვენი მხედველობის არეში მოხვედრილი ეს მანქანა,“ - ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელია ამბობს, რომ ავტომობილები დავით კირკიტაძის დაკავების მიზნით უთვალთვალებდნენ. მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი მათ ფარულად ვიდეო გადაღებასაც ახორციელებდა.

„ამის შემდეგ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ შემოუხვია აქ და ცდილობდა, დაეტრიალებინა და გეზი შეეცვალა, რა დროსაც ჩვენ უბრალოდ ჩავხერგეთ და ეს კადრები გაქვთ თქვენ. ამ მანქანანში იყო მოთავსებული 4 ადამიანი, რომლებმაც გულზე მჯიღის ცემით თქვეს, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, არც სუს-თან, არც პოლიციასთან, თითქოს, აქ იმიტომ შემოვუხვიეთ, რომ უნდა ვიყიდოთ ავტონაწილები. გასაგები იყო, რომ სუს-ის თანამშრომლები იყვნენ, კამერა ჰქონდათ თან და ა.შ. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ახორციელებდა ფარულ გადაღებას, გამოვართვი ტელეფონის ნომერი და ბოლო ზარი, რომელიც მას ჰქონდა განხორციელებული, იყო სუს-ი პირველი, როგორც ჩანს, გურჯაანის სუს-ის პირველ პირს ესაუბრა. დაახლოებით, 5 წუთში მოცვივდა მთელი კრიმინალური პოლიცია ამ რეგიონის და, რა თქმა უნდა, აღმოჩნდნენ ეს ადამიანები თანამშრომლები, გადმოხტნენ ამ მანქანიდან ოთხივე, მათ შორის ერთ-ერთი ოპერატორი და დააკავეს დათო კირკიტაძე,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანას კრიმინალი და მაფიოზი ხელისუფლება მართავს.

„ჩვენ გვაქვს გამოცხადებული ომი კრიმინალების მხრიდან და ეს გამოწვევა მიღებულია, მაფიოზებო, კანონისა და კონსტიტუციის ფეხ-ქვეშ გამთელველებო,“ - ამბობს ნიკა მელიამ. 

 

 

 

  

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები