20 აპრილი 2024,   04:10
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას სავარაუდოდ, ანრი ოხანაშვილი დაიკავებს 

ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის ცნობა ოფიციალურად გაფორმდება. ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ წევრებმა მიიღეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ფოფხაძის გაწვევას განმარტავს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პროცედურული დარღვევების ფონზე აირჩიეს.

კილაძე ასევე, ამბობს, რომ ფოფხაძის დანიშვნა გუნდთან შეთანხმებული არ იყო და ეკა ბესელიამ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება.

„მოხდა გაწვევა გედი ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან იმიტომ, რომ მისი არჩევა იყო დარღვევებით, პროცედურული დარღვევებით და ასევე, პოლიტიკურადაც შეუთანხმებელი იყო ეს საკითხი... ეს იყო დარღვევებით მიღებული გადაწყვეტილება და ამას სჭირდებოდა შესაბამისი პასუხი, ამის იქით არავითარი ქვეტექსტი არ უნდა ვეძებდით, ჩემი აზრით,“ - განაცხადა კილაძემ.

კილაძის თქმით, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი შეასრულებს. ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

რაც შეეხება თავმჯდომარის თანამდებობას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ანრი ოხანაშვილი დაიკავებს.

„დღესდღეობით იურიდიულ კომიტეტში არის ბატონი დავით მათიკაშვილი, რომელიც დიდი ხანია უკვე არჩეული არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ და შესაბამისად, ბატონი დავით მათიკაშვილი არის ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იურიდიულ კომიტეტში,“ - განაცხადა კილაძემ.

იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება დღეს „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში გამართულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ესწრებოდა. ეკა ბესელიას გუნდის წევრი და ბესელიას მთავარი მხარდამჭერი გედევან ფოფხაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს.

გედევან ფოფხაძის გაწვევის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ორი ვაკანტური ადგილი იქნება. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და გოგა გულორდავა დაემატებიან. 

დღის ამბები