06 ოქტომბერი 2024,   16:50
ვრცლად
სადამსჯელო გადაწყვეტილება - ეკა ბესელია გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაწვევაზე საუბრობს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს. ბესელია ამ ფაქტს სადამსჯელო ღონისძიებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ გედევან ფოფხაძე გუნდმა სასამართლოსთან დაკავშირებული პოზიციის გამო გაიმეტა.

„რაც შეეხება დეტალებს, არ ვიცი, არ ვესწრებოდი ამ სხდომას და ჩემმა კოლეგებმა უკეთ იციან რა ტიპის მსჯელობა იყო, მაგრამ რაც შეეხება გადაწყვეტილებას ფრაქციის მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო სადამსჯელო გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ გედი ფოფხაძეს ზუსტად იგივე პოზიცია ჰქონდა და აქვს, რაც მაქვს მე სასამართლოსთან დაკავშირებულ სიებზე, პროცედურაზე და რა თქმა უნდა, ეს არის სადამსჯელო გადაწყვეტილება ფრაქციის მხრიდან. ამას სხვა ახსნა არ აქვს,“ - ამბობს ეკა ბესელია.

ბესელია მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდებს, რომ უფრო სამართლიანად იმოქმედონ.

ბესელია ასევე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან მისი გადადგომის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარესთან ჯერ კიდევ აგვისტოში განიხილებოდა. ბესელიას თქმით, საინტერესოა, რატომ განიხილავდა ირაკლი კობახიძე მის წასვლას, როდესაც თავად ამას არ გეგმავდა.

„ირაკლი კობახიძეს უნდოდა, როგორც მე ვიცი, ჩემი წასვლა ბევრად ადრე და რატომ უნდოდა, რატომ მე არ მინდოდა. დავბრუნდები, გავერკვევი და მერე ვისაუბროთ,“ - ამბობს ბესელია.

იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება დღეს „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში გამართულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ესწრებოდა. ეკა ბესელიას გუნდის წევრი და ბესელიას მთავარი მხარდამჭერი გედევან ფოფხაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეკა ბესელია მმართველ გუნდში დაწყებულ დაპირისპირებას შეეწიროს და ის პარტიიდან გარიცხონ. 

დღის ამბები