31 ოქტომბერი 2020,   09:20
ვრცლად
„ეს გადაწყვეტილება არის წყალგამყოფი" - გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გარიცხვა "ქართული ოცნების" წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა 

„ეს გადაწყვეტილება არის წყალგამყოფი იმისა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე-ადეიშვილის-სააკაშვილის ჯალათები იხილონ მოსამართლეებად და იმ ადამიანებს შორის, ვისაც არ უნდათ, რომ ეს ადამიანები იქ იხილონ,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველების გუნდის წარმომადგენელმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ის ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომას და ასევე გედევან ფოფხაძისთვის კომიტეტიდან გარიცხვას გამოეხმაურა. ბიუროს სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ქართული ოცნების" წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„ამ პარლამენტში, ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი, ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეები ვერ გახდებიან,“- განაცხადა ლევან გოგიჩაშვილმა.

ე.წ. ახლების თქმით, გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გარიცხვა არ უკავშირდება მოსამართლეების სიას და ის პროცედურულმა დარღვევებმა გამოიწვია.

„ახლა ვსაუბრობთ, რაღაც თემა უნდა მიეკეროს თუ არა მეორე თემას, არგუმენტები და ემოციები ვნახეთ. არგუმენტებით ეს თემა იმ თემას, რაზეც საუბრობთ, არ ეკერება, თუ ემოციები გნებავთ, პირადად ჩემი, მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც იმის გამო, რომ თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს შევეწინააღმდეგე, პატიმრობა შემიფარდეს მუხლზე, რომელზეც კანონი არ ითვალისწინებდა პატიმრობას. ამიტომ მე რაღაცებს ვერავინ დამაბრალებს ადვილად. გთხოვთ, საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ, რაღაც თემა, რომელიც არ იყო დაკავშირებული მეორესთან, ძალით ჩვენ თვითონ არ მივაკეროთ,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატმა რომან კაკულიამ ლევან გოგიჩაიშვილს ბარიერების არგავლებისკენ მოუწოდა.

„გამივლე უკვე შენ მე ზღვარი და მითხარი, რაღაც ზღვარის იქეთ ვარ თუ აქეთ, ამ დროს მე ჩემს ზღვარს ვპოულობ და ვიპოვი მომავალშიც,“- განაცხადა კაკულიამ.

ეკა ბესელიას პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს სხდომაზე დაუპირისპირდა. ირაკლი კობახიძემ ის პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.

დღის ამბები