26 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორია: რუსული პროპაგანდა და რეალობა - "კურიერმა" ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის ცენტრი გადაიღო

ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული შავი კამპანია არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის წინ BBC-მ ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და ცალსახად აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

გარდა ამისა, საერთაშორისო შემფასებელთა მისიამ  ლაბორატორიაში არსებული ვითარების შესწავლის შემდეგ ისიც დაასკვნა, რომ ლაბორატორიაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან და ეს არც იქ მომუშავე პერსონალს და არც გარემოს აზიანებს.

ჯანდაცვის მინისტრისთვის გაუგებარია, რას ემსახურება ლუგარის ლაბორატორიისადმი უარყოფითი კამპანია. თუმცა მისი თქმით, გასაგებია, რას ემსახურება რუსული ნარატივის საქართველოში ტირაჟირება.  

„გამიჭირდება გითხრათ, რა არის დადასტურებული მიზეზი იმ ნარატივის, რაც მოდის რუსეთის მხრიდან, მაგრამ ის, ვინც იგივე სინქრონში იგივე ნოტებს იღებს საინფორმაციო ველში, ვისი ინტერესია გასაგებია ცალსახად,“-ამბობს დავით სერგეენკო.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ლაბორატორიის ერთი ნაწილის გადაღების საშუალება მისცა.

იმნაძის თქმით, საერთაშორისო შემფასებელთა მისიამ ყველა ლაბორატორია და დოკუმენტი შეისწავლა, რის შემდეგაც გაეროს შტაბბინაში დაიწერა დასკვნა, რომ ლაბორატორიის მიზანი, ვირუსული და ბაქტერიული დიაგნოსტიკაა და უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია.

ბოლო დღეებში, სწორედ ლუგარის ლაბორატორიაში დადგინდა, რომ  საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვლილი 13 ადამიანიდან ყველას H1N1 შტამის ვირუსი ჰქონდა.

ლუგარის ლაბორატორიის უფროსი ანა მაჩაბელი „კურიერთან“ იმ პროცედურებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ვირუსის ტიპის დადგენა ხდება. მისი თქმით, პროცედურა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. შესაბამისად, გრიპის ჯგუფისა და ტიპის დადგენას შესაძლოა 24 საათიც დასჭირდეს.

როგორც ლუგარის ცენტრის მენეჯერი მაია ალხაზიშვილი ამბობს, ბოლო დროს ყველაზე ხშირად კვლევა გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო, იმის დასადგენად ტარდება არის თუ არა პაციენტის ინფიცირების მიზეზი H1N1 ვირუსი. ვიდრე ვირუსის ტიპი განისაზღვრება ალხაზიშვილის თქმით, ჯერ ანალიზის აღება, შემდეგ კი ჯგუფის დადგენა უნდა მოხდეს.  

„პირველ ეტაპზე ვაკეთებთ ჯგუფის დადგენას,რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ეს ვირუსი - A ტიპის ვირუსია, თუ B. შემდეგ ვაკეთებთ ტიპირებას,“-ამბობს ლუგარის ცენტრის მენეჯერი მაია ალხაზიშვილი.

რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია საქართველოში 2011 წელს გაიხსნა და ის 2013 წლიდან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ექვემდებარება. ეს არის ერთადერთი ბაზა რეგიონში, სადაც ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა ხდება.

დღის ამბები