"ჩვენი ამოცანა დღეს არის ერთიანობა და შეტევა" - მიხეილ სააკაშვილის მიერ "ვივამედიდან" გაჟღერებული ამ გზავნილის ადრესატი ოპოზიცია. ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლო პროცესი დღესაც პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა და პოლიტიკოსებს საპროტესტო მუხტის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. სააკაშვილმა დღეს მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ოქტომბერში ოპოზიცია საერთო სიით უნდა წარსდგეს.
ექსპრეზიდენტის გზავნილები სასამართლოს დარბაზში მოისმინეს მისივე პარტიის წევრებმა. პროცესის დასრულების შემდეგ, სააკაშვილის მსგავსად, მათაც კონსოლიდაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს, თუმცა გაერთიანების რა რესურსი აქვს ოპოზიციას, "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ აკონკრეტებენ.
სააკაშვილის მოწოდებები არასერიოზულია სახელისუფლებო გუნდისთვის. უმრავლესობის ლიდერები ექსპრეზიდენტს წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ მისი ერთადერთი სურვილი ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.
მიხეილ სააკაშვილთან ერთიან სიაში ყოფნა არ სურს ოპოზიციის დიდ ნაწილს, სადაც ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა მათთვის წითელი ხაზია. სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერი გაერთიანების შემთხვევაში, ოპოზიციის მარცხი გარდაუვალი იქნება, რადგან ერთად, თუ ცალ-ცალკე ყველა მაინც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება.
სასამართლო პროცესი დღეს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს ეხებოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური განცხადების შემდეგ, სხდომას საკუთარი სურვილით გამოეთიშა და მოწმეთა დაკითხვის პროცესს არ დასწრებია.