425-25-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტის ბოლო მოწვევამ, უკანასკნელ სხდომაზე, საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. "უცხოური აგენტების შესახებ კანონის ხელახლა წარდგენისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობა" - ამ სათაურის დოკუმენტის მხარდაჭერისგან, სტრასბურგში შეკრებილი 480 დეპუტატიდან, თავი 30-მა შეიკავა. ერთობლივ ტექსტში წერია, რომ პარლამენტმა კანონპროექტი უკან უნდა გაიწვიოს, რადგან ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან; გაწევრიანების მოლაპარაკებები კი არ უნდა დაიწყოს, ვიდრე კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.
ევროპარლამენტი კიდევ ერთი კანონის უკან წაღებას ითხოვს - საუბარია LGBTQ საზოგადოების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებზე, რაც სტრასბურგის თქმით, LGBTQ თემზე, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმას წარმოადგენს. რეზოლუციაში არის მოწოდებაც ევროკომისიის მისამართით, რომ შეაფასოს "უცხოელი აგენტის" კანონის გავლენა საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ არც ქვეყნის ევროინტეგრაციას და არც ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება. ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მინისტრის შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებულია, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. დარჩიაშვილის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტი არ წყვეტს და ევროკომისიამ უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუა არა კანონის გავლენას სავიზო ლიბერალიზაციის პროცესზე.
რეზოლუციის ძირითად ტექსტში ყველა წარდგენილი შესწორება შევიდა. ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციები განიხილონ. ტექსტში ევროპარლამენტარებისთვის კარგად ნაცნობი კიდევ ერთი გვარია - სააკაშვილი. დეპუტატები ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ. სტრასბურგში სესიას მიხეილ სააკაშვილის დედაც ესწრებოდა. გიული ალასანია ევროპარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ლობისტების ინიციირებული დოკუმენტი ღირებული ვერ იქნება, რადგან ის კონკრეტულ მიზნებს ემსახურება. შალვა პაპუაშვილი რეზოლუციას ევროპარლამენტის სამწუხარო ისტორიას და რუსული პროპაგანდის მაგალითს უწოდებს.
ოპოზიციისთვის ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია მორიგი არგუმენტია კანონის უკან გასაწვევად. ხელისუფლების ოპონენტებმა ამ საკითხზე დღეს ბრიფინგები ერთმანეთის მიყოლებით გამართეს, მათ შორის იყო ნიკა გვარამიაც, რომელიც რეზოლუციის მიღებამდე ევროპარლამენტში დებატებსაც ესწრებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს არაერთხელ გაიხსენეს ევროპარლამენტის მიერ მიღებული წინა დოკუმენტებიც და თქვეს, რომ ევროსტრუქტურამ რეზოლუციები საკუთარი დამოკიდებულით თავად გააუფასურა. მმართველი პარტიის შეფასებით, სუბიექტური ინტერესებით მოტივირებული ეს რეზოლუციაც არაფერს შეცვლის.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების არათუ გადაწყვეტილებას, არამედ ინიციირებასაც კი ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობა და სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. სწორედ ამიტომ, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს საკითხი დოკუმენტში პოლიტიკური შანტაჟის იარაღადაა გამოყენებული. უმრავლესობის ლიდერმა ვიზალიბერალიზაციის თემაზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მამუკა მდინარაძე წერს, რომ მოთხოვნები, რომელსაც ევროპარლამენტი რეზოლუციაში აყენებს, ქართული საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
რეზოლუცია ევროპარლამენტში 5 პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივით მომზადდა. ავტორთა შორის არიან მირიამ ლექსმანი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა და ანა ფოტიგა.