29 აპრილს დაანონსებული აქციისთვის მმართველი პარტია აქტიურად ემზადება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილ მასშტაბურ შეკრებაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება სახელისუფლებო ძალის პოლიტიკის მხარდაჭერა და ის, რომ საქართველო დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოა.
29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი აქცია საზოგადოებაში დაპირისპირების წინაპირობაა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები პროტესტს განაგრძობენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ საფრთხის თავიდან აცილების მხრივ 29-ში აქცია შესაძლოა სხვა ტერიტორიაზე გამართონ. ნაწილისთვის კი პრიორიტეტი, პირველ რიგში, საპარლამენტო საქმიანობაა.
ოპოზიციის შეფასებებს მათ პარტიულ ინტერესს უკავშირებენ "ქართული ოცნების" ლიდერები. სახელისუფლებო ძალაში დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე.
მომავალ ორშაბათს პარლამენტის წინ "ქართული ოცნება" მომხრეებთან საყოველთაო სახალხო შეკრებას საღამოს 18:00 საათიდან იწყებს.