16 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
EPP-ის რეზოლუციის პროექტი - მმართვეელი გუნდი რეზოლუციის იმ ვერსიაზე საუბრობს, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის სახალხო პარტიის მიერ მომზადებული რეზოლუციის იმ ვერსიაზე საუბრობს, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული. დოკუმენტის ავტორი რამდენიმე ევროპარლამენტარია, მათ შორის მირიამ ლექსმანი, მაიკლ გელერი, დევიდ მაკალისტერი და ანდრიუს კუბილიუსი. რეზოლუციის ამ ვერსიის სამოტივაციო ნაწილში წერია, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი რუსეთის იმ კანონიდანაა მოდელირებული, რომლის მსგავსიც ცოტა ხნის წინ აფხაზეთმა და ყირგიზეთმა მიიღო.

ევროპარლამენტარების მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ მოხსენიება ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა ტექნიკურ ხარვეზად აღიქვა. ითქვა ისიც, რომ ოფიციალურმა უწყებებმა ევროპის სახალხო პარტიისგან განმარტება უნდა მოითხოვონ

საპარლამენტო უმრავლესობა კი EPP-ის მიერ მომზადებული ამ პროექტის მიღმა, ევროპარლამენტარების მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომებს ხედავს. მმართველი გუნდი ევროპის სახალხო პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის მეგობრობასა და თანამშრომლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

"ნაციონალური მოძრაობა" კი EPP-ის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტს ვერ ხედავს, ადასტურებს ევროპის სახალხო პარტიასთან თანამშრომლობას და მათ საქართველოს მეგობრად მიიჩნევს. ანალოგიურად ფიქრობენ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებიც.

ტექსტი, რომელიც ოპოზიციის ნაწილისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და აფხაზეთი რომ საქართველოა, ამის შეხსენება არავის სჭირდება, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, ვინ თავს საქართველოს მეგობრებად აცხადებენ.

რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ევროპის სახალხო პარტიამ შეიმუშავა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან სიტყვა ოკუპაცია გამოყენებული არ არის და მოხსენიებულია ყირგიზეთთან ერთად. ეს ჩანაწერი რეზოლუციის საბოლოო პროექტში აღარ არის, თუმცა ის ევროპარლამენტის ვებგვერდზე, ოფიციალურ დოკუმენტებს შორის აიტვირთა.

 

 

 

დღის ამბები