26 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
ბრალდებები ოპოზიციის მისამართით - კალაძის რეპლიკაში მისი თანაგუნდელები არაკორექტულს ვერაფერს ხედავენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახა კალაძის რეპლიკაში არაკორექტულს ვერაფერს ხედავენ.

კალაძის გუნდის წევრები ამბობენ, რომ კალაძისთვის ძალიან მძიმე იყო ის ბრალდებები, რომლებიც დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დედაქალაქის მერის მიმართ არაერთმა ოპონენტმა გააჟღერა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კალაძის რეაქცია შესაბამისი იყო.

„ფაქტია, რომ ამ მძიმე თემას ბევრი ადამიანი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ძალიან გული მწყდება, რომ უზნეობა ამ საკითხებთან მიმართებაში არსებობს,“-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.

ამორალურს უწოდებენ ოპოზიციის განცხადებებს უმრავლესობის წევრები. ანრი ოხანაშვილი ამბობს,რომ ოპოზიცია დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იყენებს.

„ამორალურია იმ პირების მხრიდან საუბარი და განცხადების გაკეთება, რომლებიც იყენებენ ამ ტრაგედიას საკუთარი ვიწრო პარტიული მიზნებისთვის და პოპულისტური განცხადებებისთვის. თითს იშვერენ და ბრალს სდებენ ქალაქ თბილისის მერს კახა კალაძეს, ეს გახლავთ სრულად ამორალური,“- ამბობს ანრი ოხანაშვილი.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, უსაფუძვლოა კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბარი, რადგან კალაძე ქალაქის მერიასთან ერთად სამშენებლო რეგულაციებისა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მთავარი ინიციატორი იყო.

„მე ვფიქრობ, რომ თბილისის მერი ამ მძიმე მომენტში იყო იქ, სადაც იყო მისი პასუხისმგებლობა და სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებოდა თბილისის მოქალაქეებს იმ წუთებში და მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ სწორედ კახი კალაძის ინიციატივით მოხდა სამშენებლო და უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრება,“-ამბობს არჩილ თალაკვაძე.

კახა კალაძემ დღეს ოპოზიციას კრიტიკის საპასუხოდ მთაწმინდიდან გამოქანება შესთავაზა. კალაძეს არც ის დავიწყებია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება და მას ურჩია ჰოლანდიიდან გამოექანოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები