30 სექტემბერი 2020,   05:54
ვრცლად
შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით - ფსიქოლოგიური ტერორი მიუღებელი ოპონენტების გასანეიტრალებლად 

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ადამიანების პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟს ერთი ხელწერა აქვს - ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში ან პოლიტიკური კრიზისი დროს ჩნდება ან მაშინ, როდესაც გუნდს რომელიმე ერთი საჯარო პირი უპირისპირდება. ფსიქოლოგიური ტერორი კი ამ ადამიანის გასანეიტრალებლად გამოიყენება.

ყველა ასეთი საქმე ამ ეტაპზე ან გამოუძიებელია. არც ერთი ადამიანი, ვინც ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში ატვირთა, არც გამოვლენა და არც დასჯილა.

ტელეკომპანია რუსთავი2-ის დირექტორი ერთ- ერთი პირველი იყო, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟზე საუბარი ღიად დაიწყო.

ნიკა გვარამია, რომელსაც 3 წლის წინ ყოფილი მაღალჩინოსანი მიუგზავნეს და რუსთავი2-დან წასვლას აიძულებდნენ, სწორედ ამ ტიპის კადრებით აშანტაჟებდნენ. საქმეზე მაშინ გამოძიება ფორმალურად დაიწყო და ნიკა გვარამიაც დაკითხეს, თუმცა, ამ დრომდე გამოძიებას არაფერი დაუდგენია.

გაურკვეველი ვიდეოკადრებით 3 წლის თინა ხიდაშელის დისკრედიტაციასაც ცდილობდნენ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი იხსენებს, რომ სულ სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, მის პირად გვერდზე ატვირთეს და თინა ხიდაშელის კადრებად გაასაღეს. მაშინ ხიდაშელმა სუს-ის უფროსს სთხოვა, მასალა ინტერნეტსივრციდან არ წაეშალათ, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ ვიდეოკადრებს ხიდაშელთან კავშირი არ ჰქონდა, თუმცა, კადრები რამდენიმე წუთში გააქრეს. გამოძიება მაშინვე დაიწყო, თუმცა, ეს საქმეც დღემდე გამოუძიებელია.

ეკა ბესელიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანია თინა ხიდაშელისთვის ბინძური ანგარიშსწორებაა. ხელწერა ეცნობა, თუმცა, ყოფილ თანაგუნდელს საყვედურობს, რომ წლების წინ პროტესტი სხვა ადამიანების მორალურ ტერორზე არ ჰქონია.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებით, უფრო ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ცნობილ ქალებსა და ქალ პოლიტიკოსებს ემუქრებიან. უმეტეს შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედებები იწყება, თუმცა, შედეგი სახეზე არ არის.

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ ამ ტიპის სკანდალური კადრების მიზანი არამხოლოდ მათი გავრცელება, არამედ ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირების დისკრედიტაცია და გაჩუმებაა. 

პირადი ცხვრების ამსახველი კადრებით ადამიანების შანტაჟი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.  

 

დღის ამბები