27 სექტემბერი 2020,   11:31
ვრცლად
განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები - ექსპერტების ნაწილი განათლების დონის კიდევ უფრო გაუარესებაზე საუბრობს 

სასკოლო გამოცდების გაუქმებას განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, განათლების სისტემის მიზანმიმართულ ნგრევად აფასებს.

სწორედ შაშკინი იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რომ დამამთავრებელ კლასში მოსწავლეს ატესტატის ასაღებად გამოცდა ჩაებარებინა. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ეს განათლების ხარისხს აამაღლებდა. წლების შემდეგ შეფასების ეს სისტემა მოქმედმა მინისტრმა დაიწუნა და მთლიანად გააუქმა. 

გამოცდის გაუქმება რომ განათლების სისტემის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავლის ერთადერთი გზა არ არის, თანხმდებიან სპეციალისტები. ექსპერტები აცხადებენ, რომ სკოლებში სწავლების დონის გასაუმჯობესებლად დიდი ცვლილებებია საჭირო. 

განათლების მინისტრმა გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ გუშინ გამოაცხადა.

ცვლილება შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების წესსაც. 2020 წლიდან ზოგადი უნარებს გამოცდა აბიტურიენტებისთვის სავალდებულოდ ჩასაბარებელი აღარ იქნება, ტესტი არჩევითი საგნების ჩამონათვალში გადავა, სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა ექსპერტების ერთი ნაწილისთვის განსაკუთრებული კრიტიკის მიზეზი.

განათლების ხარისხით საქართველო უკიდურესად დაბალ ნიშნულს უახლოვდება. მსოფლიოს 137 ქვეყანას შორის ის 101-ე ადგილზეა. სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანას განათლების ხარისხის დონით უსწრებენ, აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი და თურქეთი.

შექმნილი მძიმე საგანმანათლებლო კრიზისი გამო კი, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები მინისტრთან შეხვედრას და გამოსავლის მოძებნას მოითხოვენ. ამ განცხადებით მიხეილ ბატიაშვილის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს. 

ბატიაშვილის უწყება შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა, შენიშვნების გათვალისწინებას განათლების სამინისტროში არ აპირებენ, გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ე.წ. კატის გამოცდები აღარ დაბრუნდება.  

დღის ამბები