უკვე ერთი საათია, უმრავლესობის წევრები, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას მართავენ. მოლაპარკებას ესწრება ეკა ბესელიაც, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეს და დაპირისპირებულ თანაგუნდელებს დღეს პირველად შეხვდება.
ეკა ბესელიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, გუნდის წევრებთან ერთად აღნიშნული კადრების გავრცელებაზეც იმსჯელებენ, თუმცა, დღის წესრიგს მისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება წარმოადგენს.
„მაქვს 4 ძირითადი საკითხი, რაც მინდა, რომ დღეს განვიხილო ამ ფორმატში და გადაწყვეტილებებიც უნდა შევაჯერო და მივიღო. პირველი, სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და ეს მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე ვიმსჯელოთ ჩვენ პარლამენტში კანონმდებლობა და არ მოხდეს ამ პროექტის დაწერა იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომელთაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ.
„მეორე, უვადოდ დანიშვნა მოსამართლეთათისთვის რომ შეჩერდეს და ამ ცვლილების მხარდაჭერა. ეს ცვლილება უკვე მომზადებული მაქვს, როგორც წინ სხდომაზე შევთანხმდით. მესამე, ეს არის კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც უნდა მივიღოთ კანონში, როგორც ახალი მექანიზმი, რომ დავაზღვიოთ რისკები და გაიმართოს ჯანსაღი პროცესი მოსამართლეთა შერჩევის და ავირჩიოთ საუკეთესო მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. მეოთხე, ასევე უნდა ვიმსჯელთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება სხვა საკითხებს მეთოდებს, ძალადობრივ თუ მორალურ ტერორს თუ ასე შემდეგ, მთავარი დღის წესრიგი არ არის ჩემთვის, ამაზე საუბარი, ალბათ, იქნება, მაგრამ მთავარი დღის წესრიგი არის ეს 4 საკითხი, რომლითაც მოვედი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ განხილვის მთავარი თემა, ისევ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებია, რამაც მმართველ გუნდში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.