17 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
განკარგულება გამოიცა - კალაძე ფარცხალაძესთან დაკავშირებულ კომპანიას ვაკის შუაგულში მიწას აძლევს

ვაკის შუაგულში ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიისთვის 1590 კვადრატული მეტრი მიწის გადასაცემად მერიამ ოპერატიულ რეჟიმში იმუშავა. 2018 წლის 24 დეკემბერს ჯერ ბავშვთა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 10-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება შეუწყვიტა, ორ დღეში კი კახა კალაძემ განკარგულება გამოსცა და ტერიტორიის გადაცემის პროცესი დაიწყო.

მიწასთან ერთად, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანია თბილისის მერიისგან მიიღებს ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომელიც ტერიტორიაზე დგას. ფართით დროებით მოსარგებლეები წასასვლელად ემზადებიან.

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ნაცვლად, მალე ტერიტორიაზე ოთარ ფარცხალაძის ცათამბჯენები აშენდება. მწვანე სახლის ადმინისტრაციას თბილისის მერიამ ალტერნატიული ფართი უკვე გამოუყო.

მიწას შუაგულ ვაკეში თბილისის მერია ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტს აძლევს. კომპანია წლების განმავლობაში ოთარ ფარცხალაძის საკუთრება იყო, თუმცა, ახლა უკვე სხვა პირზეა გადაფორმებული.

კომპანიის ახალ მესაკუთრესთან კურიერი იმის გასარკვევად მივიდა, რა როლი ჰქონდა ყოფილ მთავარ პროკურორს ამ გარიგების გაფორმებაში. ირაკლი კერვალიშვილმა კამერებთან გამოჩენა არ ისურვა.

ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის მფლობელი, ირაკლი კერვალიშვილი, ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, რომელმაც 2017 წელს კახა კალაძის საარჩევნო კამპანია 60 ათასი ლარით დააფინანსა. 

ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი ნუცუბიძის ქუჩაზე 10 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს, თუმცა, აქედან 3800-ს, მწვანე ნარგავების გამო, სამშენებლო სამუშაოებისთვის ვერ იყენებს, ამიტომ ის მერიას 3839 კვადრატულს ვაკის მიწაში უცვლის. გარიგებით კომპანია სარფიან მოგებას ნახულობს - მშენებლობისთვის გამოუსადეგარი ტერიტორიის ნაცვლად, ფარცხალაძესთან კავშირში მყოფი ფირმა იღებს მიწას უბანში, სადაც ერთი კვადრატული მეტრი ბინის ფასი 1200-დან 1500 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მერიისთვის წამგებიანი და ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტისთვის მომგებიანი გარიგების უკან სწორედ ოთარ ფარცხალაძე დგას.

მათი აზრით, ძვირადღირებული ადგილი, რომელიც მერიამ კორპუსის ასაშენებლად გამოუსადეგარ ტერიტორიაში გაცვალა, ფარცახალაძის და კახა კალაძის კორუფციული სქემის ნაწილია.

ხანგრძლივ დუმილი ოთარ ფარცხალაძემ კურიერთან სატელეფონო საუბარში დაარღვია. თუმცა, მერიასთან ახალი გარიგების დეტალებზე ლაპარაკი არ ისურვა და განაცხადა, რომ კომპანია გაყიდა. ოთარ ფარცხალაძემ ღიად თქვა, რომ კახა კალაძე მისი მეგობარია და მას ხშირად ხვდება.

კახა კალაძემ კი ოთარ ფარცხალაძესთან მეგობრობაც და გარიგების საქმეში მისი მონაწილეობაც უარყო. თბილისის მერმა, ყოფილი მთავარი პროკურორისგან განსხვავებით, ვერ გაიხსენა, ბოლოს როდის და რა მიზნით შეხვდა ოთარ ფარცხალაძეს.

კახი კალაძესთან ინტერვიუ კურიერმა ოჯერ ჩაწერა. პირველად მერს გაუჭირდა მისივე ხელმოწერილი განკარგულების გახსენება და ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიისთვის ვაკეში მიწის გადაცემა.

სკანდალი, რომელზეც კახა კალაძე პასუხისმგებლობას თავიდან იხსნის, 2016 წელს აგორდა. როცა ყოფილი პროკურორის კომპანიას მერიამ ათასობით კვადრატული მიწა მიჰყიდა.

 

დღის ამბები