კასპის მოსახელობა, უკვე მესამე დღეა ღამეს ქუჩაში ათევს. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ლესელიძის ქუჩის ყველა მობინადრეს ყოველდღიურ შიშში უწევს ცხოვრება. ძლიერი წვიმის შემდეგ, მთის ფერდობზე მიწა ჩამოიშალა და საცხოვრებელ სახლებს მოაწვა. მომხდარის შედეგად მაშინ არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და თავშესაფარს ითხოვენ.
სტიქიამ წყლის 900 ტონიანი ორი ავზიც დააზიანა, რომელიც ნახევარ კასპს სასმელი წყლით ამარაგებს, შესაბამისად კასპის რაიონში წყალმომარაგება შეწყვეტილია. კომპანიაში ჯერჯერობით ვერ ამბობენ, ზუსტ თარიღს, თუ როდის აღდგება სასმელი წყლის მიწოდება, წარმომადგენელი ამბობს, რომ დამატებითი საფრთხის თავიდან ასაცილებლად წყლის რეზერვუარები მთლიანად დაცლილია და ადგილზე ყველა საჭირო სამუშაო მიმდინარეობს.
დამეწყრილ ტერიტორიაზე ამჟამად მძიმე ტექნიკა მუშაობს, თუმცა მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ბრალდებებს პასუხობს და იმ 2 ოჯახს, რომლებიც უშუალოდ მეწყერ საშიშ ზონაში ცხოვრობენ, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სთავაზობს. გამაგრებით სამუშაოები კი გეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყება.
ექსპერტები ნიმუშებზე უკვე 3 დღეა მუშაობენ. მათ დასკვნაზეა დამოკიდებული ლესელიძის ქუჩაზე ცხოვრება გაგრძელდება თუ ათამდე ოჯახი საკუთარი კარმიდამოდან გადასახლდება.
ავტორი: იზო ჩუბინიძე, თათია წოწონავა.