სამშენებლო მასალების საწყობად გადაქცეული კოტე აფხაზის სასახლე - ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილ ქართველ გენერალს და საზოგადო მოღვაწეს ეკუთვნოდა, თითქმის მთლიანად დანგრეულია. მე-17- მე-18 საუკუნეების საგვარეულო სასახლეს რამდენიმე წელია ძარცვავენ და სამშენებლო მასალები მიაქვთ. აფხაზების სახლ-კარის ეზოში საშენი მასალა და ნარჩენები ყრია.
სასახლის ეზოში დაყრილი სამშენებლო მასალა და ნარჩენები კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის, რომელიც სასახლის გვერდზე ღვინის კომპანიას და სასტუმროს აშენებს. მეპატრონის თქმით, ის სახლის ეზოს აფხაზების შთამომავალთან შეთანხმებით იყენებს და არ გამორიცხავს, რომ ძეგლის ტერიტორია შეისყიდოს კიდეც. მეპატრონე უარყოფს სოფელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მშენებარე სასტუმრო ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს - უჩა მამაცაშვილს ეკუთვნის.
სასახლე აფხაზის შთამომავლებმა 2007 წელს სასამართლოს ძალით დაიბრუნეს. მანამდე, წლების განმავლობაში, შენობა სახელმწიფო საკუთრებაში იყო და 1946 წლიდან 90-იან წლებამდე იქ ბავშვთა სახლი ფუნქციონირებდა. ძეგლის მესაკუთრე კოტე აფხაზის შთამომავალია, რომელთან კომუნიკაციასაც გურჯაანის მერიის წარმომადგენლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ადგილობრი ბიუჯეტში რესტავრაციისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაშიც, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, თვითმმართველობა ძეგლის მოვლა-პატრონობაზე ვერ იზრუნებს.
ავტორი: ია გულიაშვილი.