ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდებული, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, სასამართლო დარბაზში დაცვის გარეშე რჩება. თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატი დღეს მოსამართლემ პროცესზე არ დააბრუნა. ბადრი კოჭლამაზაშვილმა ბექა ბასილაია დარბაზიდან წინა სხდომაზე, მწვავე დაპირისპირების გამო გააძევა.
თემურ ჯანაშიას ადვოკატი მოსამართლეს 30 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაუპირისპირდა. ბექა ბასილაიამ მოსამართლე პროკურატურის ინტერესების ღია ლობირებაში დაადანაშაულა, მწვავე ბრალდების პასუხად, ბადრი კოჭლამაზაშვილმა ბექა ბასილაია ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი მას დარბაზი დაატოვებინა.
დაპირისპირება მოსამართლესა და ადვოკატს შორის, ფინანსთა ყოფილი მინისტრის დაკითხვის დროს დაიწყო. სხდომაზე დაცვის მხარის მიერ დასმული შეკითხვები რამდენჯერმე გააპროტესტეს პროკურორებმა, რასაც თემურ ჯანაშიას ადვოკატის შეკამათება მოყვა. ბასილაიას შეფასებით, პროკურორები მოწმის იმ პასუხებს აპროტესტებდნენ, სადაც იგი თემურ ჯანაშიას სასარგებლოდ საუბრობდა.
ადვოკატის შეფასებით, თემურ ჯანაშიას "ქართული ოცნება" იმ საქმიანობისთვის სთხოვს პასუხს, რასაც მისი წინამორბედიც ახორციელებდა, თუმცა მას მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს. ეს ფაქტი კი ბექა ბასილაიას შეფასებით, ადასტურებს, რომ ჯანაშიაც უდანაშაულოა. ადვოკატის შეფასებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლია.
ადვოკატი ამბობს, რომ მზად არის ისევ დაიცვას ჯანაშიას უფლებები, თუმცა ექნება თუ არა ამის შესაძლებლობა, ეს თავად მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს. ე.წ. პიჯაკების საქმეზე მომდევნო სხდომა 21 თებერვალს დაინიშნა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.