ეკა ბესელია "ქართული ოცნების" დატოვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას თებერვლის ბოლოს დაასახელებს. იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს პირველად დაასახელა სავარაუდო დრო, როცა ის საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მედიას აცნობებს. მანამდე კი დეპუტატი ამბობს, რომ მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, გუნდში მუშაობა უნდა გააგრძელოს.
შექმნის თუ არა ახალ პარტიას, როგორ გააგრძელებს ის მუშაობას ამ ეტაპზე ეკა ბესელია არც ამ საკითხებზეც საუბრობს. ის ამბობს, რომ ეს არა მისი პოლიტიკური თამაშია, არამედ ეს არის მისი პოლიტიკური არჩევანი, ამიტომ ამაზე ემოციების გარეშე უნდა იფიქროს.
„გეტყვით ძალიან მალე რიცხვს როდის შევძლებთ, რომ ვისაუბროთ ყველაფერზე, ვგულისხმობ გადაწყვეტილებაზე და ჩვენს შემდგომ გეგმებზე. ნაწყენი არ ვარ, ახლა ვფიქრობ და მინდა რომ სწორად ვიაროთ ამ მნიშვნელოვან პროცესში და არ დავუშვათ შეცდომები,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
გედევან ფოფხაძე კი წასვლას მას შემდეგ აპირებს, რაც მისი თქმით მმართველ გუნდში ყველა რესურსს ამოწურავს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მას აქვს საშუალება რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს და მოისმინოს განსხვავებული აზრიც.
„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რაღაც რესურსი იწურება მერე უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი, თორემ ახლა წასვლაზე უფრო ადვილი არაფერი არ არის. მე იმ დღეს ვთქვი კიდეც, რომ შინაგანი განწყობა ბოლო უმრავლესობის სხდომაზე მისვლის არ მქონდა გარკვეული მიზეზების გამო. მაგრამ მივედი, მოვისმინე განსხვავებული აზრი, ვთქვი ჩემი აზრი. სანამ მე მექნება იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი აზრი გავაჟღერო იქაც და თქვენთანაც მე მზად ვარ ეს ვაკეთო. მაგრამ საჯარო სივრცეში პოზიციის დასაბუთებისგან მე თავს ვერ შევიკავებ. ჩვენ პოზიცია არ უნდა შევიცვალოთ, პირიქით უნდა გავზარდოთ თანამოაზრეების რაოდენობა, ვიყოთ ორგანიზებულები და მივაღწიოთ იმას რომ უზენაეს სასამართლოში გვყავდეს ღირსეული მოსამართლეები,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.