პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში წმენდა დაიწყო. რეზიდენციაში ის თანამშრომლები დაიბარეს, რომლებიც წლების განმავლობაში მსახურობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
შეხვედრაზე დაბარებულ 61 თანამშრომლეს განუცხადეს, რომ მათთვის ე.წ. მობილობა გამოცხადდა. ე.წ. მობილობა გულისხმობს, რომ ერთი თვის განმავლობაში ეს ადამიანები რომელიმე საჯარო სამსახურში უნდა დასაქმდნენ, თუკი მათთვის რაიმე ტიპის ვაკანსია გამოცხადდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულები, ერთი თვის შემდეგ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ.
ადმინისტრაციის თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დღეს კამერებთან საუბარს თავი აარიდა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ არიან.
თუმცა მათი ნაწილი ღიად საუბრობს ე.წ. მობილობასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ერთი თვის შემდეგ საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების იმედი არ აქვთ.
„ერთ თვიანი მობილობაა და შემდეგ ალბათ თუ შემოგვთავაზებენ რაიმე სამსახურს, თუ არა ალბათ ანაზღაურებას მოგვცემენ და გაგვიშვებენ სახლში... კომპენსაციას გადაგიხდითო" - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
”ყოფილი თანამშრომელი ვარ, მაგრამ უცნაური ფაქტია. ძალიან სამარცხვინო ჩემი აზრით და უცნაური... გრძელდება საქართველოში პეტრე მოვიდა, პავლე წავიდა. თანამშრომლები შეშინებულები არიან, ყველას თავისი ფინანსური ვალდებულებები აქვს, თავისი პრობლემები აქვთ, ფაქტის წინაშე დადგნენ, გაურკვევლობაში არიან და მომავლის შიში აქვთ,“ - ამბობს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი.