ნარიყალას ციხის კედლის გასწვრივ მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ინტერესს შეეწირა. ოპოზიციის მტკიცებით, „ლიბერთი ბანკის“ მფლობელმა და ტელე „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარემ შენობა ისე დაანგრია, რომ ნებართვაც კი არ აუღია. ბოტანიკურის 9 ნომერში ისტორიული შენობის ნაცვლად ახალ 4 სართულიან სასტუმროს აშენებენ.
მერიამ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს შენობის რეკონსტრუქციის ჩატარების და 4 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა იმ პირობით მისცა, რომ პირველი სართულისთვის ხელი არ უნდა ეხლო.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რუხაძე 8 ათასი ლარით დააჯარიმა, რაც საქალაქო სამსახურის შესაბამისი დადგენილებით დასტურდება. დოკუმენტში წერია, რომ მეპატრონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟის და ახალი მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის არქონის გამო დაჯარიმდა.
ის, რაც მერიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია დღეს სასტიკად უარყო მერის მოადგილემ. ილია ელოშვილი აცხადებს რომ ძეგლის დემონტაჟი არ მომხდარა, უბრალოდ კედელი ჩამოიშალა და რუხაძე 8 ათასი ლარით სამუშაოების ვადაგადაცილების გამო დაჯარიმდა.
თბილისის მერმა „კურიერის“ კითხვას არ უპასუხა. მისი კიდევ ერთი მოადგილე კი აცხადებს, რომ კერძო მესაკუთრეები ხშირად ვერ აცნობიერებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის არსს და ხშირია მისი დაზიანების ფაქტები. მაია ბითაძის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები მსგავს ფაქტებზე მკაცრად რეაგირებენ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება თავისუფლების აღკვეთით ისჯება.