სოფელ ტახტისძირში მომხდარი საზარელი მკვლელობიდან თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი ვინ მოკლა საკუთარ სახლში დედა-შვილი 66 წლის ნაზი ჯალაბაძე და 31 წლის მერი ჯაფიაშვილი. მოკლულების ცხედრები მეზობლებმა იპოვეს. ორივეს თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ნასროლი. უცნობია რა გახდა სასტიკი დანაშაული მოტივი. დედა-შვილი ნაცემები იყვნენ, სავარაუდოდ გასროლამდე მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახლში ქურდობის კვალი არ აღმოჩნდა.
მკვლელობა 11 ივნისს მოხდა, 12-ში კი მეზობელმა ჯაფიაშვილების სახლიდან მაღალ ხმაზე ჩართული ტელევიზორის ხმა გაიგო, რომელიც იმავე საღამოს აღარ ისმოდა. მოწმე იხსენებს, რომ ცხედრების აღმოჩენისას ტელევიზორი გამორთული არ იყო, მაგრამ ხმა ბოლომდე ჰქონდა ჩაწეული, რაც აფიქრებინებთ რომ დამნაშავე სახლში მკვლელობის შემდეგ კიდევ დაბრუნდა, ტელევიზორს ჩაუწია, წაშალა კვალი და ოთახი დაალაგა, ამისთვის მას 48 საათი ჰქონდა.
ამ დრომდე მკვლელობისთვის ბრალდებული არ არსებობს. ცხედრების აღმოჩენიდან რამდენიმე საათში, ჩხრეკა მეზობლის ომარ ბაციკაძის სახლში ჩატარდა. 20 ივნისს კი მისი სახლიდან მოშორებით, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში დამარხული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღს, 3 მჭიდს და 85 ვაზნას მიაკვლიეს. ექსპერტიზით დადგინდა რომ სწორეთ ამ კალაშნიკოვიდან გასროლით მოკლეს დედა-შვილი. გამოძიების ინფორმაციით ბაციკაძის სახლში რამდენჯერმე ჩატარდა ჩხრეკა, დანაშაულის იარაღიდან გასროლილი მასრა სახლში პირველივე დღეს იპოვეს, შემდეგი ჩხრეკის დროს კი სახლის პერიმეტრზე 7 ძველი მასრა აღმოაჩინეს. ომარ ბაციკაძე იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. გორის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა, მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებულების ინტერესებს საიას ადვოკატი იცავს.
შემთხვევის ადგილზე ომარ ბაციკაძის დნმ ან თითის ანაბეჭდები არ არის აღმოჩენილი. ასევე მისი შემხებლობა არ დასტურდება ნაპოვნ იარაღთან ან მასრებთან. ბაციკაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. სახლისგან მოშორებულ ნაკვეთში ნებისმიერს შეეძლო იარაღის მიწაში დამალვა. სოფელი მკვლელის დასჯას ითხოვს.