გარდაცვლილი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახი მათ წინააღმდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს. ე.წ. კანონიერი ქურდის ჭიპია მირზოევის ქვრივი ამბობს, რომ მის ოჯახს 27 წლის წინ გარდაცვლილი ქმრის სახელის გამო ავიწროებენ, რის გამოც მისი შვილი ქვეყნიდან წასულია, მისი 26 წლის შვილიშვილი კი გასულ წელს მეგობრის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. დაკავებამდე 15 დღით ადრე თემურ მირზოევი გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირებმა დაჭრეს, პოლიცია მისგან ითხოვდა დაესახლებინა პირი, ვინც მას ესროლა. მალევე თემურ მირზოევი დააკავეს. მისი მეგობრის მერაბ გელაშვილის დაჭრისთვის.
განზრახ მკვლელობის მცდელობა, რომელსაც თემურ მირზოევს ედავებიან 26 მაისის მოედანზე მოხდა. ინციდენტს 10-მდე ადამიანი ესწრებოდა. სასამართლოში ყველა დაიკითხა, მათ შორის დაჭრილი მერაბ გელაშვილიც.
სასამართლოს ჩვენება მისცა დაჭრილის ცოლმა, ინციდენტის ადგილზე მყოფმა პირებმა და ყველა მათგანი აცხადებს, რომ არ იციან ვინ დაჭრა მერაბ გელაშვილი, მაგრამ იციან ერთი რომ პოლიცია მათ აიძულებდა ეთქვათ, რომ გელაშვილს დანა მირზოევმა დაარტყა.
საქმის მასალების მიხედვით განაჩენი მხოლოდ ერთი მოწმის ზურა მეგრელიშვილის ჩვენებას ეფუძნება. ისიც ინციდენტს ესწრებოდა, თუმცა ამბობს, რომ თემურ მირზოევს ხელში ეჭირა ნივთი, რომელიც შესაძლოა სანთებელა ყოფილიყო და არა დანა.
მირზოევის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში გარდა ზურა მეგრელიშვილის ამ ირიბი ჩვენებისა არაფერი დევს. საქმეს არ ახლავს არც ნივთიერი მტკიცებულებები, არაა ნაპოვნი დანაშაულის ჩადენის იარაღი.
მირზოევს სასამართლომ თავისუფლება 10 წლით აღუკვეთა. მისი საქმე სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ოჯახი ამბობს, რომ პოლიცია ამ დრომდე ძალადობს მოწმეებზე, რომ მათ ჩვენებები შეცვალონ და კრიმინალური ავტორიტეტის შვილიშვილს ხელი დაადონ.