06 მაისი 2024,   08:34
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა.

სასამართლომ დღეს ბრალდების ბოლო მოწმეს - ლუკა კალანდიას, მოუსმინა.

კალანდიასგან პროკურატურა იმის დადასტურებას ცდილობდა, რომ მის ძმაზე ჩვენების შეცვლის მოტივით ზეწოლა განხორციელდა, თუმცა, ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მოწმემ პროკურატურის პოზიციის დადასტურება ვერ შეძლო.

ადვოკატების მტკიცებით, ლუკა კალანდიას დღევანდელი ჩვენება მისივე ძმის - მიხეილ კალანდიას, ჩვენებასთანაც წინააღმდეგობაში მოდის.

“ლუკა კალანდიას არ დაუდასტურებია რომელიმე პირის მხრიდან მის ძმაზე ზემოქმედების ფაქტი. მისი ძმა დავკითხეთ, რომელმაც ისაუბრა, თითქოს, მასზე მოხდა ზემოქმედება, ამ დროს, თითქოს, ლუკა კალანდია მასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა, ლუკა კალანდიამ აღნიშნული უარყო. დღევანდელი მოწმე უამრავ დეტალთან დაკავშირებით დავკითხეთ და თითქმის ყველა დეტალთან დაკავშირებით, მისი ჩვენება კატეგორიულ წინააღმდეგობაშია მისი ძმის სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან. გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, საერთოდ შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ სასამართლომ ენდოს და დაუჯეროს ისეთი მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან და რომლებიც დაკითხვის ყოველ ჯერზე ცვლიან წინა დღეს მიცემულ ჩვენებებს. ადგილი აქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ისეთი დანაშაულის დაბრალებას, რომელიც სინამდვილეში ჩადენილი აქვს სხვა პირს,“ - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძეს თქმით, კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ ვინ მოახდინა მიხეილ კალანდიაზე ზემოქმედება, მერაბ მორჩაძემ თუ მირზა სუბელიანმა.

„ნათლად დადასტურდა, რომ მას შემდეგ, როდესაც მიხეილ კალანდიამ სასამართლოში მისცა ჩვენება და თქვა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ხელში მას დანა არ დაუნახავს, აღნიშნულ დღეს ის წაიყვანეს მირზა სუბელიანთან და ერთი ღამე გაატარა მის სახლში. შესაბამისად, მე ვსვამ რიტორიკულ და ლოგიკურ კითხვას, რომ ვინ მოახდინა მიხეილ კალანდიაზე ზემოქმედება - მორჩაძემ თუ მირზა სუბელიანმა?“ - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

პროკურორი აცხადებს, რომ დრევანდელ სასამართლო პროცესზე სწორედ მერაბ მორჩაძეს დანაშაულზე გაამახვილა მოწმემ ყურადღება.

თორნიკე ნადირაძე აღნიშნავს, რომ მერაბ მორჩაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა დამნაშავედ.

„მერაბ მორჩაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმისათვის, რომ მან განახორციელა თვითმხილველი მოწმისათვის მიმართვა და დაყოლიება, რათა ამ მოწმეს გამოძიების ეტაპზე მიცემული პოზიცია შეეცვალა სასამართლოში და სწორედ ამ დეტალებთან დაკავშირებით გაამახვილა მოწმემ ყურადღება დღევანდელ სასამართლო პროცესზე,“ - აცხადებს თორნიკე ნადირაძე.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 13 მარტს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

დღის ამბები