19 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირებამ საპარლამენტო კულუარებიდან ტელეკამერების წინ გადაინაცვალა

ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირებამ საპარლამენტო კულუარებიდან ტელეკამერების წინ გადაინაცვალა. დაახლოებით, 3-წლიანი სადეპუტატო საქმიანობის განმავლობაში დღეს ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა პირველად გადაწყვიტა.

რეკორდული სიჩქარით გაქცევის კადრის შემდეგ მოსამართლეების ლობისტად წოდებულმა დეპუტატმა მედიას რეკორდულად ვრცელი ინტერვიუ მისცა. ხანგრძლივი დუმილი ეკა ბესელიას ყოფილმა მოადგილემ მის წინააღმდეგ ბრალდებებით დაარღვია.

უმრავლესობის ყოფილი წევრს - ეკა ბესელიას, ეს ბრალდებები არ უკვირს. ეკა ბესელიასთვის მიუღებელი ვანო ზარდიაშვილის სტატუსია, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებელს, ახლა მისვე პარტიის სახელით აკრიტიკებს.

პოლიტიკური დემარშების შემდეგ ქართულ ოცნებაში დღეს პოლიტიკური ურთიერთბრალდებების დღე იყო. ეკა ბესელია ქართული ოცნების ლიდერებს დეპუტატებთან ფარულ მოლაპარაკებებში ადანაშაულებს.

ეკა ბესელია ამბობს, რომ ამ მოლაპარაკებების მთავარი მიზანი მისთვის ფრაქციის შესაქმნელად საჭირო თანამოაზრეების შეგროვებაში ხელის შეშლაა.

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი დახურულ მოლაპარაკებებს უმრავლესობის იმ წევრებთან, ვინც ეკა ბესელიას ინიციატივას ხმა მისცა, ადასტურებს, მაგრამ უარყოფს, რომ დეპუტატების გადაბირება ახალი ფრაქციის შექმნის ჩასაშლელად ხდება.

უმრავლესობის ნაწილი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეების სიას და შერჩევის ახალ კრიტერიუმებს ელოდება.

ზაზა ხუციშვილმა დღეს დაადასტურა, რომ თუ მოსამართლეების სია არ შეიცვლება, უმრავლესობას კიდევ ბევრი დეპუტატი დატოვებს.

ბიძინა ივანიშვილთან გამართული დახურული მოლაპარაკებების მიუხედავად, პარტიის ლიდერი მმართველი გუნდის რღვევის პროცესს ვერ აჩერებს.

სავარაუდოდ, ხვალ ქართული ოცნების კიდევ რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან წასვლის შესახებ საჯარო განცხადებას გააკეთებს.

დღის ამბები