19 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
"რა გინდათ, მეტი რა გავაკეთო" - ჩაშლილი სხდომის შემდეგ კაკულიას რეპლიკა თალაკვაძისადმი "კურიერის" კამერამ დააფიქსირა

"რა გინდათ, მეტი რა გავაკეთო" - ხმაურიანი და ჩაშლილი სხდომის შემდეგ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ეს მიმართვა უმრავლესობის ლიდერისამდი კურიერის კამერამ დააფიქსირა.  

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც საგანგებოდ თიბისი ბანკის საქმე უნდა განეხილათ, ჩაიშალა და ოპოზიცია კომიტეტის თავმჯდომარეს სწორედ იმაში ადანაშულებდა, რომ ის უმრავლესობის ლიდერებმა, განსაკუთრებით, არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ აიძულეს, რომ  სხდომა ჩაშლილიყო და საზოგადოებას არ მოესმინა არც ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებები და არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხი, რისთვისაც ის პარლამენტში იყო დაბარებული.   

საკანონმდებლო ორგანოში ბანკის დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმყოფებოდნენ.

კობა გვენეტაძე და ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ თიბისი ბანკის საქმის განხილვა, რეგულატორთან ერთად, ბანკისთვისაც დამაზიანებელი იქნებოდა.

ამ არგუმენტს ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმებოდა და გვენეტაძისგან კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვდნენ. ხელისუფლების ოპონენტებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი ამბობდნენ, რომ საჯარო მოსმენა რისკებს შეიცავდა. მმართველი გუნდი ჯერ სხდომის დახურვას, შემდგე კი მის დასრულებას ითხოვდა.

მწვავე კამათს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თვალ-ყურს ადევნებდნენ. პოლიტიკურ დებატები იმდენად დაიძაბა, რომ რომან კაკულიამ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

ოპოზიციას ეჭვი გაუჩნდა, რომ  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.

ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ქართული ოცნების ლიდერებს რომან კაკულია პოლიტიკურ ტყვეობაში ჰყავდათ. რომან კაკულიას კაბინეტში საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები შეიკრიბნენ.

კაკულიას ოთახში დეპუტატებმა რეგლამენტიც შეიტანეს. ევროპული საქართველო ცდილობდა, ქართული ოცნების ლიდერებისთვის დაემტკიცებინა, რომ სხდომის დასრულების უფლება არ ჰქონდა და კითხვები საჯაროდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის და თიბისის დამფუძნებლებისთვისაც უნდა დაესვათ.

საბოლოოდ სხდომა გაგრძელდა, მხარეები საკუთარ პოზიციაზე დარჩნენ და პოლიტიკური განცხადებების შემდეგ რომან კაკულიამ სხდომა ისე დაასრულა, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სიტყვის თქმის უფლება არ მისცეს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები