არასასიამოვნო მოგზაურობა საქართველოში - ხილის ექსპორტისთვის ქვეყანაში ჩამოსული უკრაინელი ვლადიმერ ბაიდა ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს.
უკრაინის მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციაში გადაყვანის მიზეზი თავდაპირველად არ უთხრეს. მოგვიანებით კი განუმარტეს, რომ დაკავების მიზეზი საბუთების გადამოწმება იყო.
ვლადიმერ ბაიდას საქართველოში ხურმის წასაღებად ჩამოვიდა. ამბობს, რომ საზღვარი აზერბაიჯანიდან გადმოკვეთა და ფოთში ჩასვლამდე მანქანა შესაბამის სადგომზე, საზღვრიდან, დაახლოებით, 25 კილომეტრში, გააჩერა.
ბაიდას მონაყოლით, თავისუფალი დრო ქალაქის დასათვალიერებლად გამოიყენა, რის შემდეგაც მანქანამდე მისვლა ვეღარ შეძლო, რადგან პოლიციამ გზაში აიყვანა.
უკრაინის მოქალაქემ გლდანის ციხეში, თითქმის, სამი თვე გაატარა და ამტკიცებს, რომ უკანონოდ დააპატიმრეს.
უკრაინის მოქალაქე ამბობს, რომ მისი დაკავების რეალურ მიზეზს უკვე გლდანის ციხეში ყოფნის დროს მიხვდა, როდესაც თანამესაკნეებმა ტელევიზორში გასული ინფორმაცია გადაუთარგმნეს.
ნოემბრის ბოლოს სამართალდამცავებმა თბილისში მაშტაბური ოპერაციისას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უკრაინის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. ბაიდა ფიქრობს, რომ პოლიციას ისიც ამ ჯგუფის დაკარგული წევრი ეგონა.
ვლადიმერ ბაიდა სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმით 20 თებერვალს გაათავისუფლა. უკრაინის მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი იცავდა.
ვლადიმერ ბაიდა ახლა 20 მარტს ელოდება, როცა მას ჩამორთმეულ დოკუმენტებს დაუბრუნებენ და სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.