საქართველოს ბანკთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ წერილზე, სადაც საფინანსო კომპნიასთან დაკავშირებულ „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზეა“ საუბარი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე განმარტებებს აკეთებს.
ჭიჭინაძის თქმით, MICHAEL O’KEEFE ASSOCIATES-ის მიერ შედგენილი წერილი, მის გარდა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კიდევ ორმა წევრმა მიიღო.
დეპუტატი ამბობს, რომ წერილის თანახმად, ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლებმა შეისწავლეს საკითხი და დაადგინეს, რომ საქართველოს ბანკი ფლობს არაპროფილურ აქტივებს - რუსთავის აზოტს, რასაც ბრიტანული კანონმდებლობა კრძალავს.
დეპუტატის თქმით, ამის გამო შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნას საქართველოს ბანკს ბრიტანეთში, რის ასაცილებლადაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა ყოფილიყო გადადგმული საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან.
მისივე თქმით, ამ თემაზე რეაგირებას ეროვნული ბანკისგან ჯერ კიდევ შემოდგომაზე ითხოვდა.
„ძირითადად არის მითითებული, რომ საქართველოს ბანკის მიერ დამალული იქნა აზოტის ქარხნის ფლობა, რომელიც ისჯება კანონით - ევროკავშირისა და ბრიტანეთის კანონებით, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს დელისტინგი, რასაც ისინი ხაზს უსვამენ, რომელიც საკმაოდ სერიოზული პრობლემა იქნება, როგორც ბანკისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ეროვნულ ბანკს მეტი ყურადღება მართებდა, როდესაც მე მათ ნოემბერში ვეუბნებოდი, რომ ეს დავა იყო საკმაოდ სერიოზული პრობლემა, ეროვნულ ბანკს ამის გამო უნდა მოეთხოვა რეზერვის გაზრდა,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.