28 მლნ. ლარი სასმელის წყლის სამი ჭაბურღილის დასაბურღად და ისიც იქ, სადაც რამდენიმე სოფლის კანალიზაცია გროვდება - წყალმომარაგების კომპანია ახალ სკანდალში ეხვევა. წყალმომარაგების კომპანიამ სამი ჭაბურღილი მდინარე ენგურის სანაპიროზე ჯვარის, ჯვარზენისა და ლიაპალურის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის განათავსა. თუმცა წალენჯიხის ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზონიდან წყლის ამოტუმბვა დაუშვებელია, რადგან აქ მეფრინველეობის ფაბრიკის ნარჩენები და სამი სოფლის ფეკალური მასები გროვდება.
ოპოზიციასთან ერთად პროექტს აკრიტიკებს მესამე სექტორი. მათთვის გაუგებარია რატომ გახდა საჭირო ჭაბურღილის განთავსება იმ ადგილას სადაც მოსახლეობას ზაფხულში გაუსაძლისი სუნი აწუხებს და ეპიდემიის რისკები ჩნდება.
28 მილიონიანი პროექტის რისკების შესახებ არ იციან დაბა ჯვარში. მოსახლეობას წყალი ამ დრომდე გრაფიკით აქვს. მმართველმა გუნდმა როგორც ჩანს ადგილობრივებს წინასაარჩევნოდ არ განუმარტა, საიდან და რა გზით აპირებს დაბაში უწყვეტ წყალმომარაგების პროექტის განხორცილებას.
წყლის კომპანიაში განმარტავენ რომ ჭაბურღილი მდინარე ენგურზე უსაფრთხო ადგილასაა განთავსებული ამიტომ აქ სასმელი წყლის დაბინძურების რისკებს გამორიცხავენ. ადგილობრივ მთავრობაში კი მხოლოდ ვარაუდის დონეზე იციან შემოწმებულია თუ არა პროექტი ლაბორატორიულად. კომუნალური სამსახურის უფროსი ამბობს რომ კანალიზაცია წალენჯიხაში, ჭაბურღილის ამოქმედების შემდეგ უნდა მოწესრიგდეს.
ავტორი: ემა გოგოხია.