19 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ტროლები ქართულ პოლიტიკაში და TBC ბანკის საქმე - P.S. ის ინფორმაციით მალე ამ საქმეს კიდევ ერთი ბანკი შეუერთდება

ტროლები, გამოგონილი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობენ და როგორც ეს ბოლო არჩევნებმა აჩვენა არცთუ წარუმატებლად. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ტროლი ვინმე ავთანდილ კერესელიძეა, რომელიც ოპოზიციის, რუსთავი 2-ის თუ ზოგადად ხელისუფლების კრიტიკოსების დისკრედიტაციას 4 სხვადსხვა გვერდით ცდილობდა. სულ ბოლოს კი თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შავი პიარით ირთობდა თავს. ბნელი პრაქტიკა რამდენიმე დღის წინ დასრულდა, როცა მედიის განვითარების ფონდმა აღმოაჩინა რომ პროფილის უკან გამოგონილი სახელი და გვარი და მოპარული ფოტოები იყო.

მალე  იგივე დასახელებებით უკვე ახალი ჯგუფები გაიხსნა. ამ გვერდებზე დადებული პოსტების შინაარსი უმეტესად პრო სახელისუფლებოა, ხოლო ტროლები მაინცდამაინც მაშინ აქტიურდებიან, როცა ხელისუფლებას საინფორმაციო ბრძოლის ველზე დახმარება სჭირდება.

ასე მოხდა თიბისის შემთხვევაშიც, ინტერნეტ ტროლები სწორედ მაშინ გააქტიურდნენ, როცა ეს ხელისუფლებას დასჭირდა. პირველად 9 იანვარს, როცა პროკურატურამ ბანკის დამფუძნებელი გამოკითხვაზე დაიბარა. მეორე ტალღა თიბისის წინააღმდეგ უკვე 14 თებერვალს აგორდა, როცა ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჩამოცილება კომპანიის საქმიანობისგან. ტროლები იღვიძებენ მაშინაც, როცა პროკურატურა ამ საქმეზე მორიგ განცხადებებს აკეთებს, თანაც ისე ოპერატიულად, რომ უწყებაში გამართული ბრიფინგის პარალელურად ეს გვერდები ერთდროულად ავრცელებენ ზუსტად ერთი და იგივე მემეებს.

როგორც პოსტსკრიპტუმს სანდო წყარო უყვება, თიბისის საქმე მალე კიდევ ერთ ბანკს, ტერას გადასწვდება. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურის სქემაში კიდევ ერთი ფიგურანტი ტერა ბანკის ამჟამინდელი დირექტორი და წარსულში თიბისის რისკების დირექტორი თეა ლორთქიფანიძეა.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

დღის ამბები