23 აპრილი 2024,   13:36
ვრცლად
თორნიკე მერებაშივილის გარდაცვალება, რის გამოც ბრალი ზვიად კოჩუაშვილს წაუყენეს - გამოძიების ვერსიას არც ბრალდებულის და არც დაზარალებულის ოჯახი ეთანხმება

გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის მკვიდრს, 50 წლის ზვიად კოჩუაშვილს ბრალი რვა თვის შემდეგ იმ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო წაუყენეს, რომლის დროსაც გამოძიების ვერსიით 17 წლის თორნიკე მერებაშივილი დაიღუპა.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ივლის დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე ზვიად კოჩუაშვილი, რომელიც თხილით დატვირთულ მერსედესის მარკის მიკროავტობუსს მართავდა, სამ თანმხლებ პირთან ერთად სოფელ ხელთუბნიდან თბილისის მიმართულებით დაიძრა. სახლიდან გამოსვლიდან ხუთ-შვიდ წუთში, მან შუა ტრასაზე გაწოლილი ადამიანი შეამჩნია. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ვითარება ჯეროვნად ვერ ან არ შეაფასეს, როგორც ჩანს, თავდაპირველად მათ ეჭვი არც იმის გამო გასჩენიათ, რომ ახალგაზრდა კაცის დაღუპვის მიზეზი შესაძლო ავტოსაგზაო შემთხვევა გამხდარიყო, შესაბამისად ზვიად კოჩუაშვილი და მისი თანმხლები პირები მხოლოდ გამოკითხეს და გაუშვეს.

გამოძიების ვერსიით, ზვიად კოჩუაშვილმა ტრასაზე პირქვე მწოლიარე ბიჭი ვერ შეამჩნია და დატვირთული ავტომობილით, რომლიც დაახლოებით ხუთ ტონას იწონიდა, ბეჭებზე გადაუარა.

ექსპერტებმა ვერ გაარკვიეს მერებაშვილი შინაგანი ორგანოების დაზიანების გამო დაიღუპა თუ გულის რევის შედეგად განვითარებული ასფიქსიით გარდაიცვალა, შესაბამისად საგამოძიებო ორგანომ კომისიური ექსპერტიზის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. კატეგორიული იყო მხოლოდ იმ ექსპერტის დასკვნა, რომელსაც მძღოლის მიერ საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტის დადგენა ევალებოდა.

ავტოტექნიკოსის ამ დასკვნით გამოძიებამ სამედიცინო ექსპერტის ვარაუდი გაამყარა და მძღოლს ბრალი წაუყენა, თუმცა მანქანასა და გარდაცვლილს შორის რაიმე სახის კონტაქტის უტყუარი მტკიცებულება დღემდე არ არსებობს.

გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი პირველივე დღიდან ეჭვობდა, რომ მათი შვილის დაღუპვის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა არ იყო და პოლიციას მოუწოდებდა დაედგინა ყველა ის საეჭვო გარემოება, რომელიც მათი შვილის დაღუპვას წინ უძღოდა. ოჯახი ვარაუდობდა, რომ ტრაგედიის ღამეს თორნიკე მერებაშვილი იმ ოჯახში სცემეს, სადაც ის რამდენიმე პიროვნებასთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა.

ამჟამად პატიმრობაში მყოფ ზვიად კოჩიაშვილს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება უკვე სასამართლოში მოუწევს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

 

 

 

 

 

დღის ამბები