17 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
შეხვედრა თანამემამულეებთან - მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების დისკუსია ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა 

შეხვედრა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან - ორკვირიანი პაუზის შემდეგ, ქართველი ემიგრანტების მორიგი შეკრება რომში გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბელგიის შემდეგ, მოძრაობის "ერთად სახლში" ორგანიზატორებმა, იტალიის დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ქართველი ემიგრანტები არამხოლოდ იტალიის ქალაქებიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიწვიეს.

მიხეილ სააკაშვილმა, ყურადღება ორი კვირის წინ ბელგიის პატარა ქალაქ ლიეჟში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ პროვოკატორების უკან, რომლებიც ემიგრანტების შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დგას.

სასტუმროსთან, სადაც საქარველოს მესამე პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს ხვდებოდა, ის პირებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც მსგავსი შეხვედრის ჩაშლა ლიეჟში ერთხელ უკვე სცადეს.  თუმცა იმის გამო, რომ მათი აქცია არ იყო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სანქცირებული, პოლიციამ ისინი გზის მეორე მხარეს გადაამისამართა.

ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან მესამე შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა, მესამე პრეზიდენტი ჯერ ტურიზმის დაღმავალ ტენდენციას, მოგვიანებით კი მიგრაციის გამწვავებულ პრობლემას შეეხო.

მიხეილ სააკაშვილმა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მიმართ აგორებულ სკანდალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას, ამ თემის წამოწევით ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - ჩააგდოს ანაკლიის პროექტი, რომლის ინიციატორიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო.

ქართველი ემიგრანტების შეხვედრა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ საბერძნეთში გაიმართება. 

  

დღის ამბები