TBC ბანკის საქმესა და სახელმწიფოს მიტაცების მცდელობაზე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვებს სავარაუდოდ ბრიუსელშიც უსვამდნენ.
ბრიუსელში დახურულ კარს მიღმა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს რიგით მეხუთე სხდომა იმართება.
კურიერის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან ერთად, განსახილველ საკითხთა შორის სასამართლოს რეფორმა მოხვდა და ისევ მსჯელობის საგანია უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება.
კურიერთან საუბრისას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ადასტურებს, რომ დახურულ კარს მიღმა საუბარი შეეხო, როგორც სასამართლო რეფორმას, ასევე ეუთოს დასკვნას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეხება და უვიზო მიმოსვლას.
ცოტა ხანში კი დაგეგმილია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინისა და პრემიერ მამუკა ბახტაძის ერთობლივი ბრიფინგი, სადაც ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა თემებზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა.
კურიერის ინფორმაციით, ევროკავშირის მაღალჩინოსნები ინფორმირებულები არიან თიბისი ბანკის საქმეზე, რადგან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აქციონერია თიბისის და ასევე ანაკლიის პროექტის ინვესტორია.
სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თბილისიდან ბრიუსელში გაიგზავნა წერილი, სადაც ევროკავშირს სამოქალაქო სექტორი საქართველოში ელიტური კორუფციისა და სახელმწიფოს მიტაცების შესახებ წერენ.
როგორც ცნობილია, შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერი ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარს არ გააკეთებს და ის საქართველოში გაემგზავრება.
უცნობია ისიც, უპასუხებს თუ არა მამუკა ბახტაძე ჟურნალისტების კითხვებს ერთობლივ ბრიფინგზე.