ფოთის ერთადერთი, გაერთიანებული სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან შესაბამისი აკრძალვა მიიღეს. მიღებული აკრძალვის შედეგად, მედ პერსონალს ეზღუდება მშობიარის მიღება, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევებშიც, რაც შესაძლოა მშობიარე ქალისთვის ფატალურადაც დასრულდეს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფოთის სამშობიარო სახლი, შპს, კერძო საკუთრებაა და შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ვერ დაეხმარებიან.
ფოთის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სამშობიარო კლინიკის დახურვის მიზეზი გარკვეული სტანდარტების ვერ დაკმაყოფილება გახდა. მაია მაკალათიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში მშობიარეს რეანომობილის მანქანით სხვა მეზობელ ქალაქში უსწრაფესად გადაიყვანენ.
„ის სამწუხაროდ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. ჩვენ არაერთი საკითხის გადაწყვეტა მოვინდომეთ. იყო ხშირად წერილობითი მიმოწერის დროსაც, რომ რატომღაც ფიქრობდნენ, რომ მიაღწევდნენ, გარკვეულ ვადებსაც კი აძლევდნენ, მაგრამ დადგა დღე, როდესაც ვერ შეძლეს მათ ამ სტანდარტების დაკმაყოფილება. სასწრაფო დახმარება ჩავრთეთ, ასევე მოგეხსენებათ ქალაქ ფოთში გვყავს რეანომობილი და უსწრაფესად მოხდება კონკრეტული ბენეფიციალის პრობლემის მოხსნა. აუცილებლად ისინი გადაყვანილ იქნებიან სხვა ქალაქში,“ - აცხადებს მაია მაკალათია.
მომხდარს აპროტესტებს ოპოზიცია და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის განცხადებით, ფოთში ერთადერთი არსებული სამშობიარო სახლის დახურვა სერიოზული დანაშაულის ტოლფასია.
„ერთადერთი სამშობიარო სახლი იყო ფოთში, ამის დახურვა ეს არის უზარმაზარი დანაშაული. როგორ შეიძლება ფიქრობდე ამ ქალაქზე, მომავალზე და სამშობიარო სახლი არ გქონდეს? მერე რა, რომ ეს არის კერძო დაწესებულება, ესენი არიან ექიმები რაღაც მცირე შემოსავალით, რა უნდა გაიკეთონ, სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. შენ რომ ხელისუფლება ხარ, შენს ინტერესში როცა არის დემოგრაფიული გაზრდა, შენ უნდა შეუწყო ხელი და სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს მაშინ,“ – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.