საქართველოს ბანკის დაყაჩაღების საქმე - მძევლად აყვანილი პირების ახლობლები ამ დრომდე საკუთარ ოჯახის წევრებთან შეხვედრას ვერ ახერხებენ. ისინი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცი გლდანის პოლიციიდან გამოკითხვის შემდეგ, სავარაუდოდ, სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. რაც შეეხება მეორე მძევალს, ახალგაზრდა ქალი ისევ აძლევს ჩვენებას პოლიციას. დაზარალებულების ახლობლები მათთან შეხვედრას ითხოვენ.
„დაზარალებულები გაიყვანეს? დედა ვარ და ძალიან განვიცდი. წუხელის წაყვანილი გასკოჩილი ადამიანი დღესაც არ მინახავს. მითხარით მინიშნება ვისთან მივიდე უფროსთან? რატომ გამოიყვანეთ უკნიდან,“-განაცხადა დაზარალებული ქალის დედამ.
ყაჩაღობა გლდანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე დილით მოხდა. ცნობილია, რომ სამი ნიღბიანი პირი ბანკში 10:30 წუთზე შევიდა, ტერიტორიის დატოვება კი ორ წუთში მოუხდათ, რადგან ადგილზე დაცვის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.
თავდამსხმელებმა დაცვის პოლიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც რამდენიმე ავტომობილი და ახლოს მდებარე მაღაზიები დაზიანდა.
თავდამსხმელები ბანკის დასაყაჩაღებლად გატაცებული მანქანით მივიდნენ. მათ მანქანა, რომელშიც მამაკაცი და ქალი ისხდნენ ღამით გაიტაცეს. მამაკაცი დასკოჩილი მანქანის საბარგულში მოათავსეს.
მამაკაცი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში ჩამოსვეს. ბანკის შენობასთან კი მეორე მძევალთან, ახალგაზრდა ქალთან ერთად მივიდნენ. სწორედ მისი გამოყენებით დატოვეს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაც. საბოლოოდ კი, მძევლად აყვანილი გოგონა, ქერჩის ქუჩაზე დატოვეს.