თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური პარტია დააფუძნა. ქვეყნის კორუფციისგან გათავისუფლება, რეგიონული განვითარებისა და ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნდება - ეს ის თემებია, რომელზე მუშაობასაც ახლადდაფუძნებული პარტია „კანონი და სამართალი“ გეგმავს. პარტიის რიგებში ძირითადად პოლიტიკისთვის ახალი სახეები არიან, მათ შორის არის მიხეილ რამიშვილი. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა დღეს გაიმართა.
ცნობილია, რომ "კანონი და სამართალი“ მზად არის გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის, ასევე ყველა იმ პარტიასთან, რომლის იდეოლოგიაც მკვეთრად პროდასავლურია.
"საპრეზიდენტო არჩევნებში როდესაც ეს ადამიანები, ვინც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა, დაგვიდგნენ გვერდზე და კოლოსალური მოცულობის სამუშაო შეასრულეს და ზუსტად მათი მეშვეობით ჩვენ არა მარტო წარმატებული კამპანია ჩავატარეთ, არამედ უკეთესად გავიგეთ რა აღელვებთ და რა მისწრაფებები აქვს საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც აქამდე პოლიტიკაში არ იყო ჩართული და ყველა პროდასავლური პარტიის, რომელსაც აღელვებს საქართველოს ყოველდღიური ცხოვრება,“-განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.
ყრილობას ესწრებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მათ შორის ევროპული საქართველოსა და რესპუბლიკური პარტიის წევრები.
"ჩემთვის ორი მთავარი პირობა არის რის გამოც ჩვენ "ევროპული საქართველო" ვაპირებთ ამ პარტიასთან თანამშრომლობას, ეს არის ძალიან ფხიზელი და ჯანსაღი ხედვა რუსეთის დღევანდელი რეჟიმის მიმართ და იმ საფრთხეების, რაც რუსეთიდან მოდის და აბსოლუტურად ჯანსაღი ხედვა იმ მავნებლური სისტემის მიმართ, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა,“-განაცხადა გიგი უგულავამ.
თაკო ჩარკვიანის პარტიას მხარდაჭერას უცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
„ვითანამშრომლებ ნებისმიერ პარტიასთან ამ სისტემის დასანგრევად რომელიც იქნება ასე ვთქვათ მოწადინებული. იმიტომ რომ დღეს მეც და მთელ საქართველოში 90% უკვე წინააღმდეგია ამ ხელისუფლების ამ სიბოროტის,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.