17 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
სოფელი გიორგიწმინდა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი - მოსახლეობა სათავე ნაგებობის მოწესრიგებას ითხოვს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გიორგიწმინდას მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ხუთასამდე ოჯახი სასმელად უვარგისს წყალს სოფელში არსებული ერთადერთი წყაროდან ეზიდება. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ წყლის მოსამარაგებლად ყოველდღე რამდენიმე კილომეტრს გადიან და რიგშიც საათობით დგანან. წყალი, რომელსაც საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის იყენებენ დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

სათავე ნაგებობა, საიდანაც გიორგიწმინდას მოსახლეობა წყალს გრაფიკით იღებს, მოუწესრიგებელია და რეაბილიტაციას საჭიროებს. სოფლის წყალსაცავში წყლის ხარისხი წლებია არავის შეუმოწმებია. ადგილობრივები ყვებიან, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილი წყალს თვითნებურად ისაკუთრებს და ამას არავინ აკონტროლებს.

ბრალდებებს არ იზიარებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. ამბობს,რომ სათავე ნაგებობები გაწმენდილია და წყალი სასმელად ვარგისია. მოსახლეობის წყლით 24 საათიან მომარაგებაზე კი სამუშაოები დაწყებულია.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები