სკანდალური წერილი, რომლითაც სავარაუდოდ ქვეყნის ვიცე-პრემიერი გახარია ქვეყნის უმსხვილეს ბანკირს ემუქრებოდა და რომლის ნამდვილობა ხელისუფლებამაც და პროკურატურამაც პირველივე წუთიდან ეჭვქვეშ დააყენა - მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტში გაკეთებულმა განცხადებამ და შემდეგ გამოქვეყნებულმა წერილმა, პასუხი გასცა იმას, თუ როგორ ერევა ხელისუფლება ბიზნესში, როგორ აიძულებენ მეწარმეებს ფინანსების შეწირვას, როგორ აიძულებენ მათ პოლიტიკური პოზიციების დაკავებას და როგორ ნადირობს იგივე ხელისუფლება მედიასაშუალებებზე. ზუსტად ერთი წლის წინ მოვლენების ქრონოლოგია ასეთი იყო:
TV პირველის დამფუძნებლები ღიად ალაპარაკდნენ, რომ მათი მედიასაშუალების ხელში ჩაგდებას მაღალჩინოსნები ცდილობდენენ. მაშინაც ზეწოლის შემკვეთად ხელისუფლება და მაშინაც ვეცი-პრემიერები, ჯეჯელავა და ქუმსიშვილი სახელდებოდნენ. მართალია ტელეკომპანიის დამფუძნებლები გაჩუმდნენ და ვიცე-პრემიერებიც გამოიცვალნენ, მაგრამ როგორც ჩანს, უცვლელი დარჩა ხელისუფლების ინტერესი - საკუთარი კონტროლი დაემყარებინა თავისუფალ მედიაზე. ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილში პირველი მოთხოვნაც სწორედ მედიას და TV პირველს უკავშირდება, რომლის მფლობელიც ხაზარაძის დიდი ხნის მეგობრის შვილია.
გახმაურებული საქმის მეორე მხარეს კომერციული ბანკი და ასევე ანაკლიის პორტის პროექტი დგას.
მთავარ საგამოძიებო უწყებაში კი ჯერ ისიც კი არ იციან დაზუსტებით, დაკითხავენ თუ არა შუამავალს, ბადრი ჯაფარიძეს, ვისი ხელითაც წერილი მამუკა ხაზარაძემდე მივიდა. ჯაფარიძე პარტნიორობასთან ერთად ხაზარაძის ოჯახის წევრიცაა და ასევე კარგად იცნობს შინაგან საქმეთა მინისტრსაც, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობს. საქმის პროკურორის განწყობით, ირკვევა ისიც, რომ საგამოძიებო უწყებაში ეჭვის თვალით უყურებენ ლონდონში დანიშნულ ექსპერტიზასაც.
ავტორი: მიშა სესიაშვილი