„ბიძინა ივანიშვილის მიერ დანერგილი ეს მახინჯი მმართველობის სისტემა მთლიანად ძირგამომპალია და სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია,“ - ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზალიკო უდუმაშვილი, მთავრობის მიმართ თეა წულუკიანის მიერ წაყენებულ ულტიმატუმსა და პრემიერმინისტრის განცხადებას.
ოპოზიციის აზრით, როდესაც მინისტრი მთავრობას ულტიმატუმების ენით საჯაროდ ესაუბრება, გუნდში არსებული კრიზისს ადასტურებს. ზალიკო უდუმაშვილის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია.
„ჩვენ, პრაქტიკულად, ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, რომ მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოშლილია პრაქტიკულად, ვინაიდან მთავრობის წევრები ასე სატელევიზიო ეთერებით საქმეებს ურჩევენ ერთმანეთს. გუშინ მოვისმინეთ თეა წულუკიანის პირდაპირი ულტიმატუმი მთავრობის მიმართ, სადაც მუქარა გააჟღერა. დღეს მოვისმინეთ მთავრობის მეთაურის ენის მოჩლექით საუბარი და პრაქტიკულად, ბოდიში თეა წულუკიანის მიმართ,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, თანამდებობაზე რჩება. მისი თქმით, პოზიციები სადავო საკითხთან დაკავშირებით შეჯერებულია, შესაბამისად, ის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
თანამდებობიდან შესაძლო გადადგომაზე თეა წულუკიანმა ღიად გუშინ ისაუბრა. მინისტრმა თქვა, რომ არსებობს საკითხები, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს და რომელზე შეთანხმებაც ვერ ხერხდება.
თეა წულუკიანმა ულტიმატუმი წაუყენა მთავრობას და მის მეთაურს და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მის პოზიციას არ დაუჭერდნენ მხარს, თანამდებობიდან გადადგებოდა. წულუკიანს კონკრეტული საკითხი, რაზეც უთანხმოება არსებობდა, არ დაუსახელებია.