წულუკიანის ულტიმატუმი მთავრობას - საქართველოს პრემიერი განმარტებებს აკეთებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საკითხი, რომელზეც დისკუსია მიმდინარეობდა ამოწურულია.
„მინდა განვაცხადო,რომ თეა არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან, მას აქვს დიდი წვლილი შეტანილი იმ წარმატებაში, რომელიც გვაქვს. დიახ,არსებობდა ერთ-ერთი ინიციატივა, საკითხი და ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაც არის, რომ მოვახდინო საკითხის შეჯერებაც და გადაწყვეტილების მიღებაც. საკითხი არის შეჯერებული და ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში,“ -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მთავრობის ყველა წევრი ვალდებულია, დაიცვას ის ფასეულობა, რომელიც გუნდს შექმნის დღიდან ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბახტაძე ამბობს,რომ პირი, რომელიც მთავარ ღირებულებებს ასცდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვერ დარჩება. რაც შეეხება წულუკიანს, მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია მათი გუნდი წულუკიანის გარეშე.
„მე არ წარმომიდგენია ჩვენი გუნდი თეა წულუკიანის გარეშე“-თქვა პრემიერმა.
კითხვაზე შესრულებულია თუ არა ულტიმატუმი და ეხებოდა თუ არა საკითხი ციხეების მართვას, ბახტაძე ამბობს, რომ "ულტიმატუმს აქ არავინ არ აყენებს".
„ულტიმატუმს აქ არავინ არ აყენებს. აქ საკითხი ეხებოდა პროფესიულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას და მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება.მატ შორის გათვალისწინებული იქნა საუკეთესო პრაქტიკა და ჩემი აზრით, ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით“- განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ყველა ინიციატივას, რომელსაც მთავრობა განიხილავს თან ახლავს ცხარე დისკუსია, რაც ნორმალური მართვის პრინციპია.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ განცხადება მან, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მინისტრის თქმით, პოზიციები სადაო საკითხთან დაკავშირებით შეჯერებულია, შესაბამისად ის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.