პარლამენტის 100 წლის იუბილისადმი მოწყობილ მიღებაზე სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზები პრეზიდენტის პრესსპიკერმა განმარტა.
ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ზურაბიშვილი ღონისძიებაზე მისვლას გეგმავდა, თუმცა, ის შეუძლოდ გახდა.
პრესსპიკერის განმარტებით, პრეზიდენტი ვიზიტით ხვალ ერევანში მიემგზავრება.
„საქართველოს პრეზიდენტი ამ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა. გათვალისწინებული იყო მისი საქმიანი კალენდრის მიხედვით, თუმცა, ბოლო მომენტში ის გახდა შეუძლოდ. გასვლის წინ გახდა შეუძლოდ და იმის გამო, რომ მას აქვს ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, მან შემდეგ უკვე თავი შეიკავა რუსთაველის თეატრში წასვლისგან,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
პრეზიდენტი პარლამენტის 100 წლის იუბილისადმი მოწყობილ მიღებაზე არ მივიდა. სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც დღეს პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის გვერდით არ იდგა.