დაპირისპირება პარლამენტში - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის ინიციატივა კამათის ფონზე წარიმართა.
უმრავლესობის წევრები იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, დაუპირისპირდნენ, რომელიც დღეს პარლამენტში საკუთარი წინადადებით მივიდა.
სხდომის დასრულების შემდეგ ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს ჩინჩალაძის კლანი მართავს. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ უზენაეს სასამართლოში კონკურსი სპეციალიზაციების მიხედვით გამოცხადდეს.
„უმთავრესი საკითხი, როდესაც მე და ქალბატონმა ანამ მოვამზადეთ ეს წინადადებები, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ ჩინჩალაძის კლანი არ მოხვდეს სასამართლო სისტემაში. მნიშვნელოვანი არის, რომ, როდესაც კონკურსი გამოცხადდება უზენაეს სასამართლოში, გამოცხადდეს სპეციალიზაციების მიხედვით, რომ არ ჰქონდეს უზენაეს სასამართლოს პლენუმს საშუალება, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, თუ რომელი მოსამართლე სად დაინიშნება. მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ თავისივე წევრები არ დაასახელოს, რადგან არ შეიძლება, რომ გვრიტიშვილი და მიქაუტაძე თავის თავს ასახელებდნენ მაშინ, როდესაც არის უამრავი იურისტი, უამრავი კვალიფიციური ადამიანი გარეთ,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კრიტერიუმებზე იმსჯელეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. პარლამენტში სამი ალტერნატიული კანონპროექტია დარეგისტრირებული. ერთი კანონპროექტის ინიციატორი ირაკლი კობახიძე და მისი გუნდია. მეორეს კი - ევროპული საქართველოს წევრები.
საკანონმდებლო ინიციატივა ასევე აქვთ წარდგენილი ეკა ბესელიას და მის გუნდს, თუმცა, ბესელიამ გუშინ დააანონსა, რომ დღევანდელ განხილვას არ დაესწრებოდნენ.
საპრეოცედურო საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებმა ევროპული საქართველოს და ეკა ბესელიას კანონპროექტები ჩააგდეს და მხარი მხოლოდ ირაკლი კობახიხის საკანონმდებლო ინციატივას დაუჭირეს.