არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის ცვლილებას და მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლას მხარს უჭერენ.
არასამთავრობოებმა დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრების პოზიციები მოისმინეს. პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა 2020 წლისთვის პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის შეგროვება დაიწყეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა მოხდეს.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტი დავარწმუნოთ, 2020 წელს საარჩევნო სისტემის მოდეფიცირებაზე და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მენაბდემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან იმაში, რომ მოსახლეობამ პროპორციული სისტემის მნიშვნელობა გაანალიზოს.
„დღევანდელი საარჩევნო სისტემა არის არასამართლიანი და დაახლოებით, 32 პროცენტის მიღების შემთხვევაში, პარტიამ შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს პარლამენტში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი, არასამართლიანი და ასეთი ტიპის სისტემა არ შეიძლება გვქონდეს ქვეყანაში,“ - განაცხადა გიგაურმა.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების გახანგრძლივებას ცდილობს.
„თუკი „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პროცესს, რომელსაც სახელმწიფოს ინსტიტუციური მიტაცება ჰქვია, მაშინ, ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ განაცხადონ თანხმობა, იმიტომ, რომ არსებული რეჟიმი აწყობთ მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში და ამ ძალაუფლების კონსოლიდაცია და შენარჩუნებისთვის მათ უკვე ბევრი რამ გააკეთეს,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.