60 000 დოლარი 9 სამუშაო დღისთვის - საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრებს ეძებს. განცხადება სააგენტომ საერთაშორისო მედიაში, კერძოდ "Financial Times"-ში გამოაქვეყნა.
საბჭოს მომავალ წევრებს სახელმწიფო სრულად დაუფარავს სამგზავრო ხარჯებსაც. აპლიკაციის მიხედვით, არ იქნება აუცილებელი საინვესტიციო საბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე საქართველოში მუდმივად იმყოფებოდნენ. საშუალოდ, წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ჯამური რაოდენობა 72 საათია, ანუ 1 საათში საბჭოს წვერებს სააგენტო 833 დოლარს გადაუხდის.
საპენსიო სააგენტოს საკითხს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. რომან კაკულიას განცხადებით, პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს.
„მაშინ, როდესაც პარლამენტარის ხელფასი არის ის რაც არის, ჩემი აზრით ეს არ არის რელევანტური. მაშინ დავფიქრდეთ ზოგადად, ადეკვატურობაზე პასუხისმგებლობის და ზოგადად საზოგადოების წინაშე მისაღები გადაწყვეტილებების ვალდებულებებზე. ვისაც არ შეუძლია პარლამენტარის ხელფასების გაზრდაზე საუბარი იმიტომ, რომ რაღაც მოტივაციები აწუხებს - მე მათ რიგში არ ვარ, მე ვსაუბრობ, რომ პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს და ამ შემთხვევაში მაშინ ესეც არ არის რელევანტური. საბჭოს წევრს არ უნდა ჰქონდეს მაშინ ეს ხელფასი და მაშინ აქაც უფრო რელევანტურები ვიყოთ. ძალიან მალე ჩვენ გვაქვს მოსმენა მათი საქმიანობის, სხვათა შორის „ევროპული საქართველოს" მოთხოვნა არის, რომ მოვიწვიოთ საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი და ჩვენ დავსვამთ ბევრ შეკითხვას და მართალი გითხრათ, ამ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი უფრო ადეკვატურად მექნება ამ მოსმენის შემდეგ,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საპენსიო ფონდის ხელფასების გადახდა ხდება ხალხის ფულით, რის გამოც სახელმწიფოს და ბიძინა ივანიშვილს ეს არ ადარდებს.
„აი ამ საპენსიო ფონდის თავმჯდომარეს აქვს 15 000 ლარი ხელფასი და საბჭოს წევრებს, რომლებიც სამ თვეში ერთხელ მოვლენ ან შეიძლება არც მოვლენ, აგერ 5 000 ლარი დაუნიშნეს. რა ენაღვლებათ იმიტომ, რომ უნიშნავენ ხალხის ფულს, აბა საკუთარი ჯიბიდან დაუნიშნოს ივანიშვილმა, დავინახავთ, რომ 5 000 ლარი კი არა 50 ლარსაც არ დაუნიშნავს,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მოქალაქეების მხრიდან უსამართლობის განცდაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავრობამ მოქალაქეები აღნიშნულ საპენსიო სქემაში ძალდატანებით შეიყვანა.
„ჩვენ რომ წავსულიყავით ერთი სულ ნებაყოფლობით სისტემით და პლიუს იქ იმით, რომ ეს განთავსებულიყო კერძო საპენსიო ფონდებში, მაშინ ადამიანებს არ გაუჩნდებოდათ ეს უსამართლობის განცდა, რომ მე ჩემთვის რაღაცა უნდა დავაგროვო 2 ლარი და 12 ლარი და ამაში რომ ეს ფულიც არ დაიკარგოს, ვიღაცამ უნდა აიღოს 10 000-ობით ევრო და დოლარი. ეს უსამართლობის განცდა მოქალაქეებს უჩნდებათ სწორედ იმის გამო, რომ მთავრობამ ისინი ძალით და სავალდებულოდ შეიყვანა ამ სქემაში,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.