შევარდნაძის ხელისუფლების კიდევ ერთი სახე "ქართული ოცნებაში" ბრუნდება - ექიმი-გინეკოლოგი და თბილისის საკრებულოში "მოქალაქეთა კავშირის" ყოფილი ლიდერი დღეს ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პირველად შეხვდა.
ლადო კახაძე მხოლოდ შვილებისა და მამების თაობების მჭიდრო კავშირებზე საუბრობდა, თუმცა არაფერი უთქვამს, რისთვის მიდის პარლამენტში და რა პოლიტიკური გეგმები ექნება მმართველ გუნდთან ერთად.
ლადო კახაძე თბილისის საკრებულოს 2002 წლამდე თავმჯდომარეობდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ მუშაობა ისევ გინეკოლოგად განაგრძო და პოლიტიკაში დაბრუნება 2016 წელს პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პარტიით სცადა. მაშინ პაატა ბურჭულაძემ კახაძე მთაწმინდის მაჟორიტარად დაასახელა, თუმცა მან სალომე ზურაბიშვილთან არჩევნები წააგო და პარლამენტის წევრი ვერ გახდა.
„ოცნების“ რჩეულის მთავარი კონკურენტი, მთაწმინდის ოლქში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, შალვა შავგულიძე იქნება.
რატომ აირჩეს ლადო კახაძე კანდიდატად, ამ თემაზე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერს ირაკლი ღარიბაშვილს არ უსაუბრია, პარლამენტის თავჯდომარე კი ფიქრობს, რომ კახაძე საქართველოს პარლამენტს გაამდიდრებს. შუალედური არჩევნები 6 ოლქში 19 მაისს გაიმართება.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.