გაფიცვის 1 დღე - 200-მა სოციალურმა მუშაკმა სამუშაო კვირა ქუჩაში დაიწყო. სამსახურის ნაცვლად, მათ მთელი დღე მთავრობის ადმინისტრაციის წინ გაატარეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სისტემურ ცვლილებებს მოითხოვენ. ამბობენ, რომ სოციალურ პრობლემებს შიშველი ხელებით ვეღარ უმკლავდებიან.
გაფიცულები ყვებიან, რომ აქვთ დაბალი ხელფასი და არასათანადო სამუშაო პირობები. სახელმწიფო არც ბენეფიციარების სათანადოდ უზრუნველყოფის შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, არასაკმარისი ფსიქოლოგების გამო, ხშირად ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ამ მომსახურებისთვის თვეობით ლოდინი უწევთ. გადაუდებელ გამოძახებებზე კი უმანქანობის გამო დაგვიანებით მიდიან. გაფიცულებს სოლიდარობას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე სხვა სოციალური მუშაკებიც უცხადებენ.
გაფიცულების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა სააგენტოში სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა. საერთო მოთხოვნებით გაფიცვა საქართველოს ყველა რეგიონში დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტრო დღეიდან კრიზისული მართვის გეგმაზე გადავიდა და სოციალური მუშაკების უფლება-მოვალეობები სააგენტოს სხვა თანამშრომლებს გადააბარა.
სოციალური მუშაკები ხვალინდელ სამუშაო დღესაც ქუჩაში დაიწყებენ. ჯერ უცნობია, როდემდე გაგრძელდება გაფიცვა, რადგან კომპრომისზე წასვლას არც დამსაქმებელი და არც დასაქმებულები გეგმავენ.