პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება - 19 წლის მირიან მჟავანაძის დაკავებას მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
მჟავანაძის და და დედა ჰყვებიან, რომ სამართალდამცველები მათ საცხოვრებელ სახლში სამოქალაქო ტანსაცმლით მივიდნენ და ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ახალგაზრდას სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასაყვანად მიაკითხეს.
„არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, უბრალოდ შემოვიდნენ და სად არისო ,მოიკითხეს ჩემი ძმა. გვითხრეს ჯარში უნდა წავიყვანოთ და სად არისო,“-ამბობს დაკავებულის და თამარ მჟავანაძე.
დაკავებული დედა აცხადებს, რომ ჩხრეკა მათ საცხოვრებელ სახლში ღამის ორი საათის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, რაც 19 წლის მირიან მჟავანაძე პოლიციელებს ადგილზე არ დახვდა, ოჯახის წევრებს ბიჭის ზუსტი მისამართის დადგენა მოსთხოვეს.
„ჩხრეკა ჩატარდა, ღამის ორი საათი იყო, ბრახუნი იყო კარებზე. გავხსენით ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ შემოვარდნენ და სად არის ბავშვიო? ვეუბნებოდით, არ არის სახლშიო. ზუსტი მისამართი გვითხარით, სად იქნება თქვენი შვილიო. ჯარში იყო დაძახებული და მე ვიფიქრე, რომ ჯარში მიჰყავდა პოლიციას. სად იქნება თქვენი შვილიო და ვუთხარით, ჩემს დასთან იმყოფებათქო,“-ამბობს დაკავებულის დედა, ირმა მსახურაძე.
დეიდა, რომლის სახლშიც მირიან მჟავანაძე სტუმრად იმყოფებოდა ჰყვება, რომ პოლიციელებმა მათ დისშვილის წაყვანისას მისი დაკავების მიზეზი არ განუმარტეს. უთხრეს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან მოსული გამოძახების გამო აკითხავდნენ, წაიყვანდნენ და შინ მოგვიანებით დააბრუნებდნენ.
„ასე მითხრეს, მოვედით, რომ ესა და ეს პიროვნება უნდა წავიყვანოთ ჯარშიო. ისეთ დროს დამადგნენ, გვიანი ღამე იყო, ხმაურით შემოვიდნენ, კარები გახსნეს. აქ ამოვიდნენ და ათვალიერებდნენ. ჩვენ ჯარის საქმეზე წავიყვანთ და დაგიბრუნდებათო, თვითონ პიროვნებას ეძებდნენ. მერე თვითონ დაინახეს, რომ საწოლში იწვა. სანამ აქამდე ამოვიდნენ და საწოლში მიაგნებდნენ ყველგან ნახეს და მერე მიაგნეს საწოლში,“-განაცხადა დაკავებულის დეიდამ, ლილი კაკიძემ.
19 წლის მირიან მჟავანაძე სამართალდამცველებმა ღამით დააკავეს. მას ბრალად პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ედება. მჟავანაძის სახელით სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ორი კვირის წინ არის ატვირთული, თუმცა სამართალდამცველებმა ეს ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციას ჟურნალისტმა ელისო კილაძემ და დეპუტატმა ეკა ბესელიამ მიმართა.