ხმაური და დაპირისპირება ტაქსის მძღოლებსა და სამართალდამცავებს შორის - პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. ფიზიკური შეხლა-შემოხლისას ერთ-ერთი მოქალაქე დაშავდა. მას პირველადი დახმარება ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
აქციის მონაწილეები ადგილზე კახა კალაძის მისვლას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ტაქსით ნაშოვნი შემოსავალია.
„სად არის კალაძე, მისი მოადგილე მოვიდნენ აქ. ძლივს ვარჩენ ოჯახს, რაღაც წამლებს ვყიდულობ. 150 ლარის წამალი მინდა თვეში. მაშინ დამასაქმონ და აღარ ვიტაქსავებ, რა თეთრად გადაღებეო? როგორ შეიძლება ეს. ვერ არიან ესენი. გერმანიაში დავდიოდი, ყვითელი ტაქსები დადიან. აქ თეთრებიო ახლა მოიგონა კალაძემ. კაი ტიპია? ავტოგოლები გაჰქონდა და მილიონს დადებდა ათს იღებდა. ხოდა ახლა ფულის გაკეთება მოუნდათ ბიძინას და მაგას. წამოვალთ სიგნალებით და დედას ვუტირებთ ამ მთავრობას,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას დილიდან მართავენ. ისინი ტაქსებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების 2025 წლამდე გადავადებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორის არის მანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულების გადაწევაც.