ეკა ბესელია კვლავ მორალური ტერორის მსხვერპლია - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ვიდეო პორტალ youtube-ზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
პოლიციამ კადრების გამავრცელებელი ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე საათში 18 წლის მირიან მჟავანაძე დააკავა, თუმცა როგორც ირკვევა, კადრები უკვე 2 კვირაა ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში და ვიდეოს 5000-ზე მეტი ნახვა აქვს.
მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა შეატყობინა და აცნობა, რომ ეკა ბესელიას კადრები სოციალურ ქსელში ხელმისაწვდომი იყო. 18 წლის მირიან მჟავანაძის სახლში პოლიცია შუა ღამეს შევიდა. ოჯახს უთხრეს, რომ ახალგაზრდა ჯარში მიჰყავდათ. თუმცა მოგვიანებით მჟავანაძეებისთვის ცნობილი გახდა, რომ 18 წლის ახალგაზრდა კადრების გავრცელებისთვის დააკავეს.
სხვადასხვა დროს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი ვიდეოს გავრცელების ბრალდებით პოლიციამ 20-ზე მეტი ახლგაზრდა დააკავა, თუმცა მათ შორის არ არის პირველწყარო ვინც, პოლიტიკოსის ტერორისთვის მასალა ერთი თვის წინ „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური დაპირისპირების დროს გაასაჯაროვა. ბესელია მის დადგენას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. დღეს მმართველი პარტიიდან დემარშით წასულმა დეპუტატმა ყოფილ გუნდს წამზომი ჩაურთო.
წარსულში გავრცელებული ფირების მსგავსად, გამოძიებას ამჯერადაც დამკვეთი არ დაუდგენია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსხველი ვიდეო მჟავანაძემ, ყოველგვარი პირადი მოტივის გარეშე გაასაჯაროვა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ფირების გავრცელების საქმეებს სწავლობს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას შეფასებით, სახელმწიფო უძლურია დაადგინოს, ვინ დგას კადრებით შანტაჟის უკან.